ახალი ამბები

საზოგადოების 80% არის ყველა უბედურების სათავე… მათგან არაფერი გამოვა — ნათელაშვილი

13 მაისი, 2021 • 3311
საზოგადოების 80% არის ყველა უბედურების სათავე… მათგან არაფერი გამოვა — ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოების 80% “წარმოადგენს ყველა უბედურების სათავეს”. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მისი საქმიანობა არ დააფასა.

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მის გარდა ვერავინ გააერთიანებდა, მიუხედავად იმისა, რომ “სულგაყიდული პოლიტოლოგები და სხვები” ამას არ ამბობენ.

“რა გაგვიკეთა ყველა ხელისუფლებამ, რევოლუციები მოგვიწყვეს, რეპრესიები, გაყალბების უზარმაზარი მასშტაბები… ევროპამ, საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, რომ ლეიბორისტები მსხვერპლია გაყალბებისო და ამ ფონზე ბევრი უსინდისო ჩვენი თანამოქალაქე ამბობს, ნათელაშვილი ხმებს ყიდისო.

მსოფლიო ეუბნება, რომ არჩევნებს უყალბებენ, სდევნიან, ამხელა პარტია პარლამენტიდან გაგდებულია 20 წელია და სინდისდაკარგული, უზნეო ხალხი ამტკიცებს, ნათელაშვილი ხმებს ყიდისო. ასეთ საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია, სიკეთე ვერ დაინახოს, თავგანწირვა ვერ დააფასოს, დიდი მომავალი არ აქვს.

როცა მილიონები და ტრილიონები გაიტანეს აქედან, ფეხის ფრჩხილამდე გაგძარცვეს, ჩემი სახლის აგურებს და ჩემს ხელფასს ითვლი. ახლა დამშვიდდით, დაწყნარდით.

საზოგადოების 80%-ს მივმართავ, რომელიც წარმოადგენს ყველა უბედურების სათავეს, რომელსაც შეუძლია, სინდისი გაყიდოს, ჭორი მოიგონოს, ცილი დაგწამოს… დამშვიდდით ახლა, ხელფასს არ ვიღებ.

სამაგიეროდ ის პაპუაშვილები, მდინარაძეები, თალაკვაძეები, კუჭავები, ბედნიერები არიან თქვენი ყაჩაღობით, თქვენც ბედნიერები და კმაყოფილები ხართ. ყველა არჩევნებზე მიხვალთ, გაიყიდებით, თანამდებობების, ფულის, პრივილეგიების გამო სულს გაყიდის და მერე დააბრალდებთ პოლიტიკოსებს და ოპიზიციას”, — თქვა მან.

მისი განცხადებით, ამომრჩეველზე გაბრაზებულია, ვინაიდან ცხოვრება შესწირა მათ, თუმცა ამავე ამომრჩეველმა “ფურთხით დააფასა ეს ყველაფერი”:

“არაფერი არ მქონდა ამათი სახვეწარი. არც ამათი ხმა მინდოდა და არაფერი. მე თანამდებობაც მექნებოდა, მილიარდებიც მექნებოდა, გავლენაც მექნებოდა. ისეთ წრეებში ვტრიალებდი, ბრეჟნევის შვილი იყო ჩემთან, ანდროპოვის შვილი მეგობრობდა ჩემთან, გრიშინის შვილი…

რად მინდოდა ამათი ტილიანი ხმები? გადავყევი, 30 წელი შევწირე ამათ და კიდევ ამდენი პრეტენზია, ცილისწამება და ტალახი. ასე რომ, როცა საზოგადოება ასეა მოწამლული, 80% მინიმუმ, ის 20%-ია მოსაფერებელი, ღირსეული და ერის ბურჯი. იმათ გამო ვარ პოლიტიკაში და იმათ გამო გავაგრძელებ ყოფნას.

20%-ია მინიმუმ ღირსეული ამ ქვეყანაში. დანარჩენებისგან არაფერი გამოვა. დანარჩენების თავიდან გაკეთებაც არ შეიძლება… უნდა გავიდეს დრო, რომ თქვენ მოსცილდეთ საზოგადოებას 100 წლის შემდეგ და თქვენი შვილები იქნებიან ღირსეულები. ისინი არ გაიყიდებიან, ისინი არ გაცვლიან სამშობლოს ფულზე და თანამდებობაზე”.

ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამავე გადაცემაში მან სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართაც გაახმიანა კრიტიკა.

“დავხუჭე თვალი, იმისთვის, რომ ქვეყანას შველებოდა”, — ასე უპასუხა მან წამყვანის კითხვას, თუ რატომ დაჯდა ერთ მაგიდასთან “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად, რომელიც ნათელაშვილმა ასევე გააკრიტიკა ხსენებულ გადაცემაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი