ახალი ამბები

კახიშვილის თქმით, თუ “ოცნებას” დატოვებს, სხვა პარტიას არ შეურთდება

13 მაისი, 2021 • 1266
კახიშვილის თქმით, თუ “ოცნებას” დატოვებს, სხვა პარტიას არ შეურთდება

“ქართული ოცნების” დეპუტატი კახა კახიშვილი “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” აცხადებს, რომ არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ “ქართული ოცნება” დატოვოს. თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში სხვა პარტიას არ შეუერთდება.

აღნიშნული განცხადება კახიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. დეპუტატს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა გუნდის დატოვებას ან რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი.

“ნამდვილად სხვადასხვა პარტიაში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. მე მირჩევნია თუნდაც დღეს არ ესიამოვნოთ, რასაც ვამბობ და გამოფხიზლდნენ, ვიდრე ყველამ ერთმანეთს ვუცინოთ და პრობლემა შეგვექმნას. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია” , – ამბობს კახა კახიშილი.

მისი თქმით, მის მიერ “ქართული ოცნების” დატოვება იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნება და სხვების მიერ მომზადებული განცხადებებისა და გადაწყვეტილებების მხარდაჭერა მოუწევს:

“გავალ, თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. იცით, რა არის, ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება, რომ დაეთანხმო, გუნდი ამისთვისააა, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას.

თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ. თუ ასე გაგრძელდა, მე არ ვაპირებ ისეთი რამეების მხარდაჭერას, რის განხილვაშიც მონაწილეობას არ ვიღებ”,- განაცხადა კახიშვილმა.

აღნიშნულ განცხადებამდე კახა კახიშვილმა იმ პრობლემზებზე ისაუბრა, რასაც საპარლამენტო საქმიანობისას აწყდება და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე და ბიუროკრატიულ ბარიერებზე გაამახვილა ყურადღება:

“აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მე უნდა ვიცოდე, ჯანდაცვის საკითხებზე თუ იქნება მოსახლეობას პრობლემა, ვის უნდა დავურეკო, და იუსტიციის საკითხებზე ვის უნდა დავურეკო. და ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დავალება, რომ მაჟორიტარებთან იმუშაონ დროულად, იმიტომ, რომ ზოგჯერ იმდენ მადლობას ვუხდი, თითქოს ჩემი სასიცოცხლო საქმე გადამიწყვიტა. არადა, სამადლობელო არაფერი არ არის, ეს არის იგივე იმის სამსახური, როგორც ჩემი სამსახური.

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს მე ჩუმად რომ ვიყო, ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდოს და საბოლოოდ ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, ეს არის გამოსავალი. მე მომხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს და იქნებ გამოვფხიზლდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ჩუმად ვისხდეთ, ერთმანეთს “სმაილიკები” ვუგზავნოთ, რა მაგრები ვართო და ამასობაში უკმაყოფილებამ იმატოს“, – განაცხადა კახიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი