ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა მოხდება, თუკი აშშ საბოლოოდ აღიარებს სომეხთა გენოციდს? – ხედვა სომხეთიდან

13 მაისი, 2021 • 1823
რა მოხდება, თუკი აშშ საბოლოოდ აღიარებს სომეხთა გენოციდს? – ხედვა სომხეთიდან

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მიერ გენოციდის შესახებ განცხადებამ სომხეთის საზოგადოებაში რიგი კითხვები გააჩინა: თურქეთი და აშშ აღარ არიან მოკავშირეები? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკის პოლიტიკის ფოკუსი რეგიონში სომხეთი ხდება?  ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა ისტორიული სიმართლის დადგენა განიზრახა? იქნებ ეს ყველაფერი აშშ-ში სომხური ლობის დამსახურებაა?  დაბოლოს, იქნებ ეს სულაც არაფერს ნიშნავს და არც რაიმე გავლენა ექნება?

აღიარა თუ არა აშშ-მა სომეხთა გენოციდი? 

აშშ საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტის გადაწვეტილებაზე ამ ქვეყანაში ბევრია დამოკიდებული. იმის გათვალისწინებით, რომ სომხური დიასპორა დიდი ხნის განმავლობაში “ომობდა” იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ეს სიტყვა ეხსენებინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია. 

თუმცა, რეალურად, ეს ნაბიჯი შეიძლება შეფასდეს ეპიზოდურ მოვლენად სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესში. კერძოდ, გენოციდის სრულფასოვანი აღიარებისთვის აუცილებელია, რომ ის აღიაროს კონგრესის ორივე პალატამ და პრეზიდენტმა ეს საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს. 

2019 წლის 13 დეკემბერს კონგრესმა უკვე მიიღო სომხეთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია. ახლა სენატის ჯერია. 2021 წლის 24 აპრილს პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება გააკეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მაგიდაზე თუ ასეთი დოკუმენტი გაჩნდა, დიდი ალბათობით, ხელმოწერილიც იქნება. 

სომეხთა გენოციდის აღიარების მცდელობა არ ყოფილა უნიკალური შემთხვევა. აღიარების ცალკეული აქტები არსებობდა 1975-1985 წლებშიც. მაშინ პრეზიდენტი და კონგრესი პერიოდულად აკეთებდნენ შესაბამის ოფიციალურ განცხადებებს. 

2007 წელს გენოციდის აღიარების მცდელობაც იყო, თუმცა საბოლოოდ, წარუმატებელი. ყველა ჩამოთვლილი მოვლენა ხარისხობრივად განსხვავდებოდა ახლანდელებისგან, კერძოდ იმით, რომ მაშინ ეს აქტები ერთმანეთს მნიშვნელოვნად არ უკავშირდებოდა, სომხეთის რესპუბლიკა არ ყოფილა დამოუკიდებელი. დღეს კი ამას შეგვიძლია უკვე სრულფასოვანი პროცესი ვუწოდოთ. ბაიდენმა არ აღიარა სომხეთა გენოციდი, თუმცა სერიოზულად მიუხლოვდა აღიარებას. 

რას გვეუბნება ბაიდენის განცხადება ამერიკულ პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მის გარშემო? 

პარტიულ დონეზე ამერიკულ პოლიტიკაში ჩვენი რეგიონის მიმართ სერიოზული განსხვავებები არსებობს. თუ ხელისუფლებაში რესპუბლიკელები არიან, მაშინ ეს პოლიტიკა დიდწილად დაფუძნებულია სამხედრო ინტერესებზე, ნავთობის ლობსა და ამერიკულ ჰეგემონიაზე. მსგავსი პოლიტიკა ეფუძნება თურქეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას და რუსეთსა და ირანთან დაპირისპირებას, ამერიკული კომპანიების წვდომას ნავთობრესურსების მოპოვებაზე, ასევე, ცენტრალურ აზიაში ამერიკის გაძლიერებას. 

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეს ყველაფერი ერთიან სურათს ქმნის, რომლის ფარგლებშიც აშშ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, ქმნის საკუთარ პოლიტიკას ამის გარშემო და სიმპათითაა განწყობილი აზერბაიჯანის მიმართ. ამ კონტექტსში იზრდება საქართველოს მნიშვნელობაც, როგორც “დასავლეთ- აღმოსავლეთის” კორიდორის მნიშვნელოვანი რგოლის. ამასთან, საქართველოსთვის იზრდება რისკები იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ის მეტ ყურადღებას იქცევს რუსეთის მხრიდან. ასეთი იყო ჯორჯ ბუშის პოლიტიკა, ასეთი იყო დონალდ ტრამპის პოლიტიკაც, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით – ამოღებული “ანტირუსული” კომპონენტით. 

სწორედ ამიტომ, აშშ-მა არ დაგმო აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო მთიანი ყარაბაღის ომის დროს თურქეთი. ასევე, აშშ-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია ამ რეგიონში რუსული მისიის განთავსებისთვის ომის დასრულების შემდეგ. თავად აზერბაიჯანი ჩქარობდა სამხედრო ოპერაციის გატარებას ტრამპის კანდენციის ფარგლებში. 

რაც შეეხება დემოკრატების პოზიციას, გვერდიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ეს განსხვავებები უმნიშვნელოა, თუმცა  მაინც არსებობს. მათი საგარეო პოლიტიკური პოზიცია არა ამერიკული ჰეგემონია, არამედ ლიბერალური ინტრევენციაა, რაც გულისხმობს პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე და არა ინტერესებზე. ამ ღირებულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის უფლებებს. თურქეთი კი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამრღვევია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ჟურნალისტი ჰყავს საპატიმროებში დატყვევებული. ერდოღანი ისლამისტია, რაც დემოკრატთა სეკულარულ მიდგომებს არც ისე კარგად ერწყმის.

რაც შეეხება მილსადენების პოლიტიკას, დემოკრატებისთვის ის არ არის პრიორიტეტული. ისინი არ არიან რუსული მილსადენების წინააღმდეგი [ისეთი როგორიცაა ჩრდილოეთის ნაკადი 2], არ არიან ირანთან ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგი, რაც მნიშვნელოვნად ცვლის რეგიონში საგარეო პოლიტიკურ კონტექსტს. თუ რესპუბლიკელები წარმოადგენენ იმას, რაც დასაწყისში იყო ამერიკა – თეთრკანიანი, პროტესტანტული ანგლო-საქსონური ბირთვი, დემოკრატები – უმცირესობების კოალიციაა, რომელთა რაოდენობა ბოლო დროს გაიზარდა. 

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ამერიკელი ებრაელების და ისრაელის ძალიან საინტერესო დიქოტომიაა. რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ისრაელს, დემოკრატები, ადამიანის უფლებების საკითხებიდან გამომდინარე, მხარს უჭერენ პალესტინას. ამავე დროს, აშშ-ის ებრაული ლობი კონცენტრირებულია დემოკრატების გარეშემო, რომელიც ერთი მხრივ, ანეიტრალებს ადმინისტრაციის ანტიებრაულ ქმედებებს, მეორე მხრივ კი, შეუძლია პირდაპირი ზეწოლა განახორციელოს ისრაელზე პალესტინელთა მიმართ მოთხოვნების შესუსტებაზე. 

აშშ-ში ებრაული ლობი სომხური ლობთან თანაარსებობს. კონგრესის დეპუტატთა ნაწილს ერთდრულად შეუძლია სომხურ, ებრაულ, ბერძნულ ლობში გაერთიანება, ან როგორც მინიმუმ, ერთმანეთის ინიციატივების მხარდაჭერა. დღეს ვხედავთ, რომ ეს თანამშრომლობა რეალურად მუშაობს. 2019 წელს სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის საკითხში ორპარტიული კონსენსუსი შედგა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, რაც აისახება რეგიონის ქვეყნების მიმართ პოლიტიკაზეც. დემოკრატები, აზერბაიჯანთან შედარებით, სომხეთს მეტად უჭერენ მხარს. ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ, იმით, რომ ამჟამად სომხეთის ხელისუფლებაში არიან ძალები, რომელებიც დემოკრატების მხარდაჭერით იქამდეც სარგებლობდნენ, მეორე მხრივ კი, იმით, რომ რეგიონში ძალის გამოყენებით საკითხების გადაჭრის საშიში პრეცედენტი ჩამოყალიბდა. თურქეთის გავლენა აუცილებლად უნდა დაბალანსდეს. თურქეთზე ზეწოლა თანდათანობით გაიზრდება. ღია უკმაყოფილებას გამოთქვამს საფრანგეთიც, ამასთან, ეს არ ხდება მაკრონის სომეხი მხარდამჭერების ან შარლ აზნავურის სიმღერების გახსენების გამო. 

რა მოხდება, თუკი აშშ საბოლოოდ აღიარებს სომეხთა გენოციდს? 

სომხეთისთვის ნაკლე ბსავარაუდოა, ამ საკითხში სასურველ ამბებს ელოდოს. სანამ აშშ საკმარისად ძლიერია, ის მუდმივად ეცდება ლავირებას და რეგიონული მოთამაშეების ინტერესების, მათ შორის თურქეთის, დაბალანსებას შეეცდება. ამერიკა მხოლოდ პირველობის დაკარგვის შემთხვევაში დაინტერესდება ისტორიული სიმართლის პოლიტიკით. 

ასეა ამერიკულ-თურქული ურთიერთობების საკითხშიც – სანამ ამერიკელები ძლიერები არიან, მათ შეუძლიათ თურქეთზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ. საკმარისია აშშ-ის საერთაშორისო გავლენა შესუსტდეს, ყველაზე მეტად ეს სწორედ ისეთ რეგიონებზე აისახება, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, სადაც ინტერესების კვეთა ძალიან ინტენსიურია და გავლენის შენარჩუნება ძალიან რთული. 

დღეს ამერიკული გავლენა თურქეთზე შემცირებულია, თურქეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მან უნდა დაიწყოს საკუთარი ძალის პოლუსის ფორმირება, რომელიც ოსმალურ მემკვიდრეობას დაეფუძნება. ეს თავის მხრივ აშშ-ის გაღიზიანებას იწვევს, თუმცა გენოცდის აღიარება სახელმწიფო დონეზე თურქეთთან ურთიერთობების საბოლოო გაწყვეტას უდრის.

თუ ასეთი რამე მაინც მოხდება, რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს მიწის ან რესტიტუციის მოთხოვნებს, ანუ თავისი არსით, “სომხური საკითხის” დღის წესრიგში დაბრუნებას  [1878-1922 წლების ვერსია]. თუმცა ეს ამერიკულ სასამართლოებში სარჩელებისთვის გზას გახსნის. იმის გათვალისწინებით კი, რომ ოსმალელი სომხების მთელი საკუთრება ნაციონალიზებული იყო, გენოციდის დროს განადგურდა 2000-მდე ეკლესია და 1500 სკოლა, ტერიტორიული საკითხი კი საბოლოოდ არ დასრულებულა [განსაკუთრებით, ყოფილი რუსული იმპერიის ტერიტორია, რომელიც თურქეთის მიერ 1920 წელს იყო დაპრყრობილი და გამყარებული მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებით], გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დაძაბულობას გაზრდის. 

სომხეთისთვის გენოციდის აღიარება, სიკეთეებთან ერთად, ერდოღანის სამხედრო ავანტიურების მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით, რისკებს გაზრდის. 

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ნაკლებ სავარაუდოა. მაგალითად, იმავე ბაიდენმა თავისუფლების აქტიდან 907-ე შესწორება ამოიღო, რაც წარსულში უკრძალავდა აშშ-ს აზერბაიჯანის სამხედრო დახმარებას. ამჟამად ეს სამხედრო დახმარება სულ უფრო აქტიურია. ეს თითქმის სომეხთა გენოციდზე განცხადების პარალელურად მოხდა, რაც აშშ-ის პოლიტიკის დაბალანსების გაზრახვას მოწმობს.

ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ საქართველოს მიმართაც. საქართველო, თურქეთისგან განსხვავებით, არ ცდილობს ამერიკული გავლენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით საბოლოოდ შეძლებენ სომხეთის გავლით კორიდორის “გარღვევას”, ამერიკული პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. პირიქით, საქართველო უფრო ღირებული მოკავშირე გახდება, თუმცა უკვე დასუსტებული აშშ-ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი