ახალი ამბები

“შავ ზღვაზე ყურადღება მხოლოდ უკრაინაზე მახვილდება, საჭიროა აქტიურობა” – ხოჯევანიშვილი

13 მაისი, 2021 • 818
“შავ ზღვაზე ყურადღება მხოლოდ უკრაინაზე მახვილდება, საჭიროა აქტიურობა” – ხოჯევანიშვილი

13 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანები და მიზნები, თუ როგორ წარდგება სამიტზე.

მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ყურადღება მხოლოდ უკრაინაზე მახვილდება.

“ზუსტად ერთ თვეში არის ნატოს სამიტი ბრიუსელში. ამ სამიტის გარშემო არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პირველი, რასაც მინდა შევეხო, არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და ნატოსთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მქონე ხდება შავი ზღვის უსაფრთხოება

შავი ზღვის კონტექსტში დისკუსიის ცენტრში არის მოქცეული მხოლოდ უკრაინა. საინტერესოა, რით არის ეს განპირობებული. ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ჩვენი პასიურობითა და გეგმის არარსებობით [გამოწვეული]”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველო გააქტიურდეს სამიტის წინ და უკრაინასთან ერთად წინ წამოიწიოს საქართველოს საკითხიც.

“გვჭირდება კონკრეტული ხედვა, ამოცანები და გეგმები სამიტთან დაკავშირებით. რა შედეგებს გვინდა მივაღწიოთ. ასევე მიზანშეწონილი იქნება ევროპული დედაქალაქების პოლიტიკურ ცენტრებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ, რომ საქართველოს შესახებ საუბარი არ იყოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებისა და ფორმალობის ნაწილში”, – მიაჩნია ხოჯევანიშვილს.

ნეტგაზეთმა უკრაინის აღმოსავლეთსა და შავ ზღვაში მიმდინარე ბოლოდროინდელი კრიზისის დროს, აპრილის თვეში გამოაქვეყნა მასალა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, სადაც უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, შოთა ღვინერია აცხადებდა, რომ ნატოს ერთიანი პროაქტიული სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდა და ამისთვის უფრო მეტად აქტიური მუშაობა იყო საჭირო.

სრულად შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, იხილეთ სტატია:

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი