ახალი ამბები

ბოკერია აკრიტიკებს ზალკალიანის პოზიციას ისრაელი-ღაზის დაპირისპირებაზე

13 მაისი, 2021 • 1388
ბოკერია აკრიტიკებს ზალკალიანის პოზიციას ისრაელი-ღაზის დაპირისპირებაზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ გაკეთებული განცხადებისთვს აკრიტიკებს.

ბოკერია მიიჩნევს, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოხმაურება მკაფიოდ არ უსვამდა ხაზს მოკავშირე სახელმწიფოს — ისრაელის უფლებას თავდაცვაზე.

“ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანის და საზოგადოების, არის მშვიდობა და სისხლისღვრის შეწყვეტა რეგიონში. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი ჩვენი მეგობარი ქვეყნის — ისრაელის ფუნდამენტური, სუვერენული უფლებაა, დაიცვას საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო მკაფიო. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ისრაელი საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოა და მას გააჩნია სრული უფლება და მოვალეობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე არსებული საფრთხისაგან”, — აცხადებს ბოკერია.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას 12 მაისს Twitter-ზე გამოეხმაურა.

“საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს”, — დაწერა დავით ზალკალიანმა.

12 მაისის დილის მონაცემებით, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაპირისპირების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 59 ადამიანი: 53 — ღაზაში, 6 კი — ისრაელში. მხარეებს შორის კონფლიქტი კიდევ გამწვავდა 11 მაისს, ღამის საათებში, როდესაც ღაზის სექტორიდან იერიში მიიტანეს თელ-ავივსა და მის შემოგარენზე. სარაკეტო თავდასხმამდე იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი