ახალი ამბები

“ვმხიარულობდით, როდესაც უცებ დაბომბვა დაიწყეს” — ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლი არ წყდება

13 მაისი, 2021 • 1496
“ვმხიარულობდით, როდესაც უცებ დაბომბვა დაიწყეს” — ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლი არ წყდება

12 მაისის ღამემ ისრაელსა და ღაზაში კვლავ აფეთქებების ფონზე ჩაიარა. პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელზე ისევ განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჯერ “ჰამასის” რამდენიმე მეთაური მოკლა, შემდეგ კი ღაზაში რიგით მესამე მაღალსართულიანი კორპუსი გაანადგურა. მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს იზრდება, ისრაელის ქალაქებში კი მწვავდება ძალადობა ებრაელებსა და არაბებს შორის.

მხარეებს შორის კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის იერუსალიმში, მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

მუსლიმები დღეს რამადანის მარხვის დასრულებას აღნიშნავენ, თუმცა კონფლიქტის ზონაში სადღესასწაულო სამზადისი ნაკლებად შეინიშნება. ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, დაღუპულია 69 პალესტინელი, რომელთაგან 16 ბავშვია, 6 კი — ქალი. ისრაელში დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვი და მოზარდი.

ღაზაში მოქმედმა დაჯგუფებამ “ისლამური ჯიჰადი” თავისი 7 წევრის მოკვლის ფაქტი დაადასტურა, “ჰამასმა” კი განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა ერთ-ერთი უფროსი მეთაური და დაჯგუფების რამდენიმე სხვა წევრი. თავის მხრივ, ისრაელი ამბობს, რომ დაღუპულ მეთაურთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამას “ჰამასი” აღიარებს.

ისრაელის საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორიზე. 21.05.21 ფოტო: EPA

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მოწინააღმდეგემ კონფლიქტის დაწყების შემდეგ 1 500-მდე რაკეტა ისროლა რიგი ქალაქების მიმართულებით, თუმცა ანტისარაკეტო სისტემამ 90%-ის განეიტრალება შეძლო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ისრაელის დასაცავად მტრისგან და არეულობების მონაწილეებისგან. თუმცა პალესტინის ადმინისტრაციამ დაგმო ისრაელის ქმედებები, უწოდა მას სამხედრო აგრესია და თქვა, რომ ეს “ტრავმას აყენებს ისედაც ალყაში მყოფ, 2-მილიონიან მოსახლეობას”.

ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

ღაზაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ამბობენ, რომ 12 მაისის ღამით ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს. მათივე თქმით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მორიგი მაღალსართულიანი კორპუსის აფეთქებაზე.

შენობა, სახელწოდებით “ალ-შურუკი”, ისრაელის ბომბდამშენებმა ოთხშაბათს გაანადგურეს. პირველი დაბომბვისას კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა, მცირე ხნის შემდეგ კი კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა, რის შემდეგაც ნაგებობა მიწასთან გასწორდა. შენობაში განთავსებული იყო ტელეკომპანია “ალ-აკსა”, რომელსაც “ჰამასი” მართავდა.

BBC-ის თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხშაბათს თქვეს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური დარტყმები “ჰამასის” პოზიციებზე 2014 წლის შემდეგ. მათივე თქმით, სამიზნეს შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციები წარმოადგენს და შენობების დაბომბვამდე შიგნით მყოფებს აფრთხილებენ, თუმცა ღაზის ოფიციალური პირები სამოქალაქო მსხვერპლზეც საუბრობენ.


სააგენტო AFP-ის მიხედვით, მიმდინარე კვირის სამშაბათს ღაზაზე  განხორციელებულ დარტყმებს ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა.

“ვიცინოდით და ვმხიარულობდით, როდესაც უცებ ჩვენი დაბომბვა დაიწყეს. გარშემო ყველაფერი იწვოდა”, – ციტირებს სააგენტო 14 წლის იბრაჰიმს, რომელიც დაღუპულთა ბიძაშვილია.

ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა შვიდს შეადგენს. 4 ადამიანი ოთხშაბათს დაიღუპა: მათ შორისაა ტანსკასაწინააღმდეგო რაკეტის მსხვერპლი ჯარისკაცი და 6 წლის ბავშვი, რომელიც სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ძალადობა ისრაელის ქალაქებში ებრაელებსა და არაბებს შორის

11 მაისის მსგავსად, ისრაელის ქალაქებში შეტაკებები და ძალადობრივი დაპირისპირებები ითხშაბათის ღამითაც გაგრძელდა. ქალაქ აკრაში არაბები ებრაელ კაცს ქვებით და რკინის ჯოხებით დაესხნენ თავს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარალელურად, ადგილობრივი მედიის ცნობით ებრაელები მართავდნენ აქციას ლოზუნგით “სიკვდილი არაბებს”.

კიდევ ერთი ინციდენტის დროს, რომელიც ქალაქ ბათ-იამში მოხდა, ებრაელთა ჯგუფმა პალესტინელი კაცი მანქანიდან გადმოიყვანა და სასტიკად სცემა. გამოცემა Times of Israel წერს, რომ კაცი სერიოზულად დაშავდა და უსულოდ ეგდო მიწაზე, პოლიცია და სასწრაფო კი ადგილზე 15 წუთის შემდეგ მივიდა. ამასთან, რადიკალები თავს დაესხნენ არაბთა საკუთრებებს ქალაქის მასშტაბით.


ქალაქ ჰაიფაში ებრაელებმა ქვებით შეუტიეს ავტომობილში მჯდომ არაბ კაცს. მან სვლას აუჩქარა, რის შემდეგაც ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. ისრაელის მედიის ცნობით, ინციდენტი მოხდა იერუსალიმშიც, სადაც ებრაელებმა არაბი კაცი დაჭრეს, ქალაქ ტამრაში კი არაბთა ჯგუფმა დაჭრა ებრაელი კაცი.

არეულობა იყო ქალაქ ლოდშიც, სადაც პოლიციის მანქანა დაწვეს. აქ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 11 მაისს არაბებსა და ისრაელის პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, როცა შეტაკების მონაწილეებმა სინაგოგები, ბიზნესები და ავტომობილები გადაწვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არაბების მონაწილეობით არეულობები იყო ტამრაში, ჰაიფასა და იერუსალმშიც.

“არაფერი ამართლებს არაბთა ბრბოს, რომელიც თავს ესხმის ებრაელს და არაფერი ამართლებს ებრაელთა ბრბოს, რომელიც თავს ესხმის არაბს”, — ციტირებს Times of Israel ისრაელის პრემიერ-მინისტრს.

ჯამში, დააკავეს ძალადობრივი აქტების 400-მდე მონაწილე.

საერთაშორისო რეაქცია

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიედნმა მხარი დაუჭირა ისრაელის უსაფრთხოებას, თუმცა ხაზი გაუსვა “მდგრადი სიმშვიდის” აღდგენის აუცილებლობას.

“მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება, მაგრამ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი, როდესაც შენს ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა ვარდება”, — ამბობს ბაიდენი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა დაგმო “რაკეტების უმისამართოდ გაშვება” ღაზის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის დასახლებული ცენტრებისკენ, თუმცა ისრაელს “მაქსიმალური თავშეკავებისკენ” მოუწოდა.

მანამდე, “არაბულმა ლიგამ” დაგმო ისრაელის საჰაერო შეტევები ღაზის სექტორზე და მას უწოდა  “უმისამართო და უპასუხისმგებლო”.

“ისრაელის მიერ იერუსალიმში ჩადენილი ქმედებები და მთავრობის ტოლერანტული მიდგომა ებრაელი ექსტრემისტების მიმართ, რომლებიც პალესტინელებისა და არაბებისადმი მტრულად არიან განწყობილნი, არის ის, რამაც განაპირობა სიტუაციის ესკალაცია ასეთი საშიში გზით”, — თქვა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აჰმად აბუ ალ-ღიტმა.

რუსეთი ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში მონაწილე კვარტეტის(აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, გაერო) სასწრაფო შეკრებას ითხოვს. მოსკოვმა მოიყვანა “ჰამასის” სპიკერის განცხადება, რომლის მიხედვითაც დაჯგუფება მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ ისრაელი შეაჩერებს “ძალადობრივ აქტებს” აღმოსავლეთ იერუსალიმში და “უკანონო ზომებს არაბი მკვიდრი მოსახლეობის მიმართ”.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭსთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა, ვითარების გამწვავებით ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი