ახალი ამბები

მოკლულია “ჰამასის” რამდენიმე მეთაური — ისრაელი

12 მაისი, 2021 • 1311
მოკლულია “ჰამასის” რამდენიმე მეთაური — ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 12 მაისს ღაზის სექტორზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს პალესტინური  “ჰამასის” წარმომადგენლები, მათ შორის, დაჯგუფების მეთაურები მოკლეს. “ჰამასმა” დაადასტურა, რომ მოკლულთა შორისაა ქალაქ ღაზის ბრიგადის მეთაური ბასიმ ისა და მისი თანმხლები რამდენიმე პირი.

Associated Press-ის მიხედვით, ბასიმ ისა “ჰამასის” ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო ისრაელის მიერ 2014 წლიდან დღემდე მოკლულთა შორის.

“როიტერის” ინფორმაციით, 12 მაისს ისრაელმა, ჯამში, პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების 16 წევრი მოკლა. ისრაელის მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ღაზის ბრიგადის მეთაურის გარდა მოკლულნი არიან:

დაჯგუფების კიბერ სარდლობის უფროსი; საბრძოლო მასალების წარმოების დეპარტამენტის კვლევითი და სპეციალური პროექტების ხელმძღვანელი; დაჯგუფების მთავარი ინჟინერი საბრძოლო მასალების განყოფილებაში.

“ეს მხოლოდ დასაწყისია”, — თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

“როიტერის” თანახმად, ხსენებული ცნობების გავრცელების შემდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ისრაელის ქალაქ აშდოდზე.

მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

12 მაისის დილის მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 59 ადამიანია დაღუპული: 53 — ღაზაში,  6 კი — ისრაელში.

BBC-ის ცნობით, სამშაბათის საღამოდან ამ დრომდე ღაზაში მოქმედმა შეიარაღებულებმა 1 000 რაკეტა ისროლეს ცენტრალური და სამხრეთ ისრაელის მიმართულებით. მეორე მხრივ, ისრაელი განაგრძობს საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორზე.

ღაზაში დაღუპულთა შორის 14 ბავშვია. ისრაელში კი, სხვა მოქალაქეებთან ერთად, 52 წლის კაცი და მისი 16 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ.

თელ-ავივის მახლობლად მდებარე ქალაქი ჰოლონი დაბომბვის შემდეგ. ფოტო: EPA

მხარეებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა 11 მაისს, ღამის საათებში, როდესაც ღაზის სექტორიდან იერიში მიიტანეს თელ-ავივსა და მის შემოგარენზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბა. დაბომბვამდე  შიგნით მყოფები გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა.

ისრაელი ამბობს, რომ ღაზის ტერიტორიაზე “ჰამასისა” და სხვა დაჯგუფებების პოზიციებს უტევს და ცდილობს, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დააზარალოს. მისივე განცხადებით, ხსენებულ კორპუსში “ჰამასის” ოფისები იყო განთავსებული. თავის მხრივ, პალესტინელი შეიარაღებულები ამბობენ, რომ ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლებს ბომბავს და თელ-ავივზე შეტევაც ამის პასუხი იყო.

თელ-ავივის გარდა, იერიში მიიტანეს აშკელონზე, ბეერ-შევაზე, ლოდსა და სხვა ქალაქებზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, პალესტინელ შეიარაღებულებს ეს თავდასხმები “ძვირად დაუჯდებათ”. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ასობით ობიექტი დაბომბეს და კვლავ განაგრძობენ ტერიტორიაზე იერიშებს.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

ვრცლად:

დაბომბვები, არეულობები და ათეულობით დაღუპული: ისრაელი-ღაზის დაპირისპირება მწვავდება

მასალების გადაბეჭდვის წესი