ახალი ამბები

დარწმუნებული ვართ, სომხეთში ვადამდელი არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება – ღარიბაშვილი

12 მაისი, 2021 • 1331
დარწმუნებული ვართ, სომხეთში ვადამდელი არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება – ღარიბაშვილი

სომხეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონისთვის სომხეთის სტაბილურ და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ქვეყანაში დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, პანდემიამ და ყარაბაღის ომმა მთელი რეგიონი სირთულეების წინაშე დააყენა.

“ჩემთვის სასიხარულოა მორიგი სტუმრობა სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლო თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭვირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს.

ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში. ერთი მხრივ, კოვიდ 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და, მეორე მხრივ, ომმა ყარაბაღში, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი სირთულეების წინ დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებას, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიც არის ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობის განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროატლანტიკური გზა”, — განაცხადა ღარიბაშილმა.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ფაშინიანთან შეხვედრაზე ყველა მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის ხაზი გაუსვეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის ქონას.

“შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ახალ პროექტებს. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობებზე ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ტრანსპორტი, ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და უკვე არსებული ინტენსიური ურთიერთობების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შენარჩუნებაზე და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.


სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა.

2021 წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ფაშინიანმა ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდგომი მოვლენებისა და აქციების შემდეგ გაასაჯაროვა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შევიდა და ოპოზიცია ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. შესაბამისად, ფაშინიანი გადადგა და ვადამდელი არჩევნები დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი