ახალი ამბებისაზოგადოება

ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები სეზონური ალერგიის დროს

12 მაისი, 2021 • 2957
ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები სეზონური ალერგიის დროს

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ სეზონური ალერგიის ეფექტიანად მართვისთვის საჭიროა გამოკვლევა, თუ კონკრეტულად რომელ ალერგენზე აქვს პაციენტს რეაქცია. აღნიშნულის შესახებ ექიმმა PSP-ს პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი ყოველ ორშაბათს აქვეყნებს ინფორმაციას ჰაერში ამა თუ იმ მცენარის მტვრის კონცენტრაციაზე, რაც ხელს უწყობს მკურნალობის დროულად დაწყებას. კულუმბეგოვის თქმით, პაციენტმა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების მიღება ჯერ კიდევ სიმპტომების მწვავედ გამოვლენამდე უნდა დაიწყოს:

“ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრს რამდენიმე წელია, შექმნილი აქვს ყვავილობის კალენდარი. ყოველ ორშაბათს თქვენ ნახავთ ახალ ინფორმაციას, როგორც ამინდის პროგნოზს ისმენთ, თუ როგორი იქნება შემდეგი კვირის ამინდი. ჩვენ ყოველკვირეულად ვავრცელებთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე, რომელი მცენარე როგორი კონცენტრაციით იქნება. შესაბამისად, ჩემმა პაციენტებმა როდესაც იციან, რაზე აქვთ ალერგია, მეკითხებიან, ხომ არ დაიწყონ წამლის მიღება, როდესაც ნახულობენ, რომ საშუალო კონცენტრაციაშია ესა თუ ის მცენარე”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

მისი თქმით, როდესაც ალერგიული რეაქციის გამომწვევი მცენარის კონცენტრაცია ჰაერში დაბალი ან საშუალოა, პაციენტი ამას ვერ გრძნობს, თუმცა მკურნალობა სწორედ ამ ეტაპზე უნდა დაიწყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატების ჭარბად გამოყენების აუცილებლობა:

“როდესაც დაბალი და საშუალო კონცენტრაციით არის ამა თუ იმ მცენარის კონცენტრაცია, ამ დროს ადამიანი ჯერ ვერ გრძნობს, შესაბამისად, ამ დროს უკვე მინიმალური სიმპტომების ან სიმპტომების არარსებობისას ვეუბნებით, რომ დაიწყონ პრეპარატების გამოყენება. როდესაც უკვე შეაწუხებს ადამიანს, მისი მართვა რთულია, ბევრი წამალია საჭირო და ზოგჯერ ამ წამლებსაც ძალა არ აქვს”, — აცხადებს ალერგოლოგი.

მისი თქმით, რადგანაც ეს მტვრის ნაწილაკი ჰაერშია შეწონილი, ადამიანს ყველაზე მეტად ალერგია უმწვავდება ქარიან და მზიან ამინდში. წვიმიან ამინდში კი თავს უკეთ გრძნობს. შესაბამისად, კულუმბეგოვის თქმით, როდესაც წვიმიანი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს, საკუთარ პაციენტს ამ დროის განმავლობაში პრეპარატების დროებით შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს.

ალერგოლოგის თქმით, სეზონური ალერგიის დროს ასევე მნიშვნელოვანია შვებულების სწორად დაგეგმვაც. კერძოდ, კულუმბეგოვის თქმით, კურორტის არჩევისას პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მაგალითად, ზღვის კურორტი მის მდგომარეობაზე კარგად მოქმედებს, რადგანაც, მისი თქმით, წყალი ფილტრავს ჰაერს და ადამიანი შესანიშნავად გრძნობს თავს.

რაც შეეხება მთის კურორტებს, კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ყვავილობა ბარში თვე, თვე-ნახევრით ადრე იწყება, ვიდრე მთაში. შესაბამისად, რეკომენდებულია აღნიშნულის გათვალისწინებაც შვებულების დაგეგმვისას.

ისეთ დროს კი, თუ პაციენტს ალერგია ოთახის მტვერზე აქვს, მისი კონცენტრაცია ზღვის დონიდან 1400-1500 მეტრის სიმაღლეზე დაბალია და სჯობს ასეთ კურორტებს მიანიჭონ პრიორიტეტი.

გარდა ამისა, კულუმბეგოვის თქმით, მკურნალობის პარალელურად არსებობს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები. მაგალითად, ქარიან ამინდში ადამიანმა გარე აქტივობები გადადოს, ხოლო თუ მანქანით გადაადგილდება, აწიოს ფანჯრები და გამოიყენოს კონდიციონერი.

ასევე ალერგოლოგი გირჩევთ, როდესაც ქუჩიდან დაბრუნდებით სახლში, ტანსაცმელი გამოიცვალეთ და სახლის ტანსაცმელი მოირგეთ. ამასთან, თმების ჩამობანა და შხაპის მიღებაც, კულუმბეგოვის თქმით, პაციენტებს შვებას ჰგვრის. სახლი კი რეკომენდებულია, სველი წესით დაალაგოთ ხოლმე.

სეზონური ალერგია და მისი მართვა

🔴 #LIVE #გათავისუფლდიალერგიისგან

📆 𝐋𝐈𝐕𝐄 ჩართვის სტუმარია ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

▪ თემა: სეზონური ალერგია და მისი მართვა

#PSP #იზრუნეჯანმრთელობაზე

Posted by PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი on Tuesday, 11 May 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი