ახალი ამბები

“პოლიტიკური რეპრესიები” – გახარიას თანამოაზრეებმა თანამდებობა 5 ქალაქში დატოვეს

11 მაისი, 2021 • 2205
“პოლიტიკური რეპრესიები” – გახარიას თანამოაზრეებმა თანამდებობა 5 ქალაქში დატოვეს

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მერის მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ. თანამდებობიდან გადამდგარი მერის მოადგილეები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

გიორგი გახარიას თანაგუნდელი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი კი მუნიციპალიტეტებში მერის მოადგილეების ერთამენეთის მიყოლებით გათავისუფლებას “პოლიტიკური რეპრესიების” დაწყებად აფასებს. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, 27 აპრილს, სწორედ ხოჯევანიშვილმა ისაუბრა რეგიონებში გახარიას მხარდამჭერებზე ზეწოლაზე. მაშინ ხოჯევანიშვილს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ რეგიონში და რა სახის ზეწოლა მიმდინარეობს ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებზე.

“პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული”

ამ დროისთვის თანამდებობები დატოვეს: გორის, ხაშურის, ფოთის, სენაკისა და მარტვილის მერის მოადგილეებმა. ყველა მათგანი ამბობს, რომ თანამდებობების დატოვება მერებმა მოსთხოვეს, რომელთა უკანაც გათავისუფლებული მოადგილეები მმართველი პარტიის დავალებას ხედავენ.

“დილით მქონდა შეხვედრა ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა, თანამდებობიდან გადავმდგარიყავით. კერძოდ, დავით გვიშიანის მოთხოვნა იყო. როგორც ვიცი, მასთან იყო კონტაქტი. საუბარში შევატყვე, რომ მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეგ უკვე მეორე საკითხია, არანაირი არსებითი მნიშვნელობა მას არ აქვს. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანამოაზრეები, თანაგუნდელები, შესაბამისად, ეს იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც მოთხოვნა დადგა თანამდებობის დატოვებისა”, — განაცხადა “ფორმულასთან” ფოთის მერის ყოფილმა მოადგილე პაატა ლაგვილავამ.

მერის გადაწყვეტილების უკან მთავრობის დავალებას ხედავს მარტვილის მერის ყოფილი მოადგილე აკაკი ხუნწარიაც.

“მერი იყო უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით, ის იყო დავალებული პარტიისგან და მთავრობისგან, რომ მე პირადად დამეტოვებინა თანამდებობა. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, რადგანაც მე მოვიაზრებოდა გიორგი გახარიას გუნდის წევრად”, —  განაცხადა “ფორმულასთან” აკაკი ხუნწარიამ.

სენაკის მერის ყოფილი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ამბობს, რომ მას გადადგომა აიძულეს.

“მე მინდა გაცნობოთ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. “ქართული ოცნების” გუნდი მაიძულებს დავტოვო სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამოაზრეობის გამო. პარტიის წარმომადგენლები რეკავენ მერებთან და მერებს აცნობებენ, რომ გადადგნენ მოადგილეები”, – აცხადებს კახაბერ კუპრეიშვილი.

გორის მერის ყოფილი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი კი ამბობს, რომ გორის მერიაში არსებობს თანამშრომლების სია, რომელთა გაშვებასაც აპირებენ.

“პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არც გამოვეკიდებით მას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა  ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას[…] გორელებს, გორს, დავეხმარებით გიორგი  გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ”, — განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

გორის მერის კიდევ ერთი მოადგილე პაატა ივანიშვილი კი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ.

“დაჟინებით მოითხოვენ, დავტოვო თანამდებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ სკამებს და თანამდებობებს გამოკერილები არ ვართ. ჩვენ დავტოვებთ თანამდებობას. უბრალოდ, ერთი რამე მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, გორელებს, ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში, თქვენ გვერდით. ჩვენ ვუერთდებით ბატონ გიორგი გახარიას გუნდს, მივიღებთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც ერთხმად გავიმარჯვებთ”, — განაცხადა პაატა ივანიშვილმა.

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეების მოხსნას “ორკესტრირებულს” უწოდებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ერთ დროს სწორედ მსგავს ტენდენციას ებრძოდა.

“რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მერის მოადგილეებზე ზეწოლა, ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის გახარიას გუნდის თანამოაზრეობა. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა, მაგრამ დღეს ამ მეთოდებით ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით. ეს იყო ორკესტრირებული მოწოდება და ზეწოლა ცენტრალური პარტიის მხრიდან, მთავრობის მხრიდან. მერების მხრიდან იყო უშუალოდ ამ ადამიანებზე ზეწოლა. მე მომაწოდეს ახლა ინფორმაცია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის დაწყებული ეს პროცესი”, — ამბობს ხოჯევანიშვილი.

“აგიტაცია, საქმის კეთების ნაცვლად”

იმას, რომ მუნიციპალიტეტებში მერის მოადგილეები გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს, არ მალავენ მმართველ გუნდში. თუმცა “ოცნებაში” განმარტავენ, რომ თანამდებობის პირების გათავისუფლების რეალური მიზეზი, “საქმის კეთების” ნაცვლად, მათი მხრიდან წარმოებული აგიტაცია გახდა.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ გახარიას მხარდამჭერი მოადგილეები ბოლო პერიოდში “გარკეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ”.

“ბოლო პერიოდში, გარკვეული დროის განმავლობაში, გარკეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მის მხარეზე. ამდენი გამოწვევები გვაქვს ქვეყანაში და იმის მაგივრად, რომ მათ თავიანთი საქმე ეკეთებინათ, ამ საქმით იყვნენ დაკავებული. მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა გააჩნია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ყოფილიყვნენ მაღალ თანამდებობაზე. ჩემი ბრძანებით ისინი გათავისუფლდნენ”, — განცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერის მსგავსად, საქმის კეთების ნაცვლად გახარიას მხარდამჭერი აგიტაციით ხსნის სოზარ სუბარი მერის მოადგილეების გათავისუფლებას. სუბარი, რომელიც პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ მერის მოადგილეობა  პარტიული თანამდებობაა და “შესაბამისად, არჩევანი უნდა გააკეთონ — ან საქმე აკეთონ, ან თავის პარტიულ თანამდებობას მიხედონ”.

“რამდენიმე პირმა დატოვა თანამდებობა და რამდენიმე  გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს იმიტომ, რომ როგორც განმათავისუფლებლებმა განმარტეს, ეს ადამიანები საქმის კეთებას შეეშვნენ ბოლო პერიოდში და გასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ პირის აგიტაციაზე. საქმე არის გასაკეთებელი უამრავი”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი კი მერის მოადგილეებზე ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ გახარიას თანამოაზრეების მიერ თანამდებობების დატოვება ბუნებრივია.

“როგორც ჩანს, მათ აქვთ პირადი დამოკიდებულება გიორგი გახარიასთან. აქედან გამომდინარე იღებენ ამ გადაწყვეტილებას, რაც ადამიანურად გასაგებია, ვინაიდან ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით სულ ახლახან და ვინაიდან ისინი თავს არ თვლიან ამ გუნდის ნაწილად, ბუნებრივი გადაწყვეტილებაა”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი