ახალი ამბები

შეთანხმებას “ნაციონალური მოძრაობაც” უნდა შეუერთდეს — ლანდსბერგისი

11 მაისი, 2021 • 1097
შეთანხმებას “ნაციონალური მოძრაობაც” უნდა შეუერთდეს — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შარლ მიშელის შეთანხმებას “ნაციონალური მოძრაობაც” უნდა შეურთდეს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-თან” ისაუბრა.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იქნება შეთანხმების შესრულება, რისთვისაც პარლამენტში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობაა საჭირო.

როგორც ლანდსბერგისი ამბობს, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შეთანხმების შესრულება საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება.

“როგორც თბილისში ვიზიტისას აღვნიშნე, მხარს ვუჭერდი მოსაზრებას, რომ ნიკა მელიას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. ასევე, ვუჭერ მხარს იმას, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ნაწილი შეთანხმების შესრულებაა. დოკუმენტში რთულად გადასაწყვეტი საკითხებია ჩადებული- ისეთი, როგორიც არის სასამართლოს და საარჩევნო რეფორმები. ამიტომ საჭიროა, ყველა პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში და განხილვაში მიიღონ მონაწილეობა.

ეს კი ევროპისთვის იმის დემონსტრირება იქნება, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი მოქმედებს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებებით. ასევე, დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ძალები მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას ქვეყანაში. ეს საუკეთესო სცენარი იქნება”, — განაცხადა ლანდსბერგისმა[ რუსთავი 2-ის თარგმანი].

მასალების გადაბეჭდვის წესი