ნეტგაზეთი | შესაძლოა, “სინოვაკით” ვაქცინაცია საქართველოში WHO-ს ავტორიზაციამდე დაიწყოს შესაძლოა, “სინოვაკით” ვაქცინაცია საქართველოში WHO-ს ავტორიზაციამდე დაიწყოს – Netgazeti
RU | GE  

შესაძლოა, “სინოვაკით” ვაქცინაცია საქართველოში WHO-ს ავტორიზაციამდე დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ჩინეთში წარმოებული კიდევ ერთი ვაქცინის, “სინოვაკის” საქართველოში გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაციამდე დაიწყოს.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ვაქცინაციის საბჭო მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაში NCDC-ის არგუმენტები იქნება, რომ ვაქცინა ავტორიზაციის პროცესშია და გამოიყენება 32 ქვეყანაში. გამყრელიძის განმარტებით, საბჭომ უნდა განიხილოს, დაიწყება თუ არა ქვეყანაში ვაქცინაცია 100 ათასი დოზა “სინოვაკით”.

“არ გამოვრციხავ ამას [ავტორიზაციამდე გამოყენებას], რადგან რამდენიმე არგუმენტი ამისთვის არსებობს, რასაც დღეს სწორედ საბჭოზე წარვადგენ და საბჭონ უნდა განიხილოს. პირველი ის, რომ ის ავტორიზაციის პროცესშია და, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი პორტალი გვეუბნება, მალე იქნება განხილვა. მისი პირველადი განხილვა უკვე იყო. მეორე, ის უკვე ავტორიზებულია 32 ქვეყანაში და 160-170 მლნ დოზაზე მეტია გამოყენებული. ასევე, ის ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყანაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ამაზე იმსჯელებს საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას”, —აცხადებს გამყრელიძე.

30 აპრილს საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა და 100 800 ცალი შპრიცი მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის  ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარება. “სინოვაკით” ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.