ახალი ამბები

ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს – მელია

10 მაისი, 2021 • 815
ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლების შემდეგ მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს.

თუმცა მელია განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დამსახურებას.

“პირველ რიგში, მინდა გათავისუფლება ვუსურვი ყველა პოლიტპატიმარს, ყველა პატიმარს, განურჩევლად რა სასჯელს იხდიან ისინი ციხეში. ცხოვრებაში შეცდომა ყველას მოსდის. საქართველოს ყველა ციხეში ახლა ალბათ ბევრი პატიმარი მიყურებს, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ვუსურვებ მათ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახის წევრებთან დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან ისინი დაპატიმრებულნი თუ არა. თუმცა ამ ციხეში, რომელშიც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და მათ ვუსურვებ განსაკუთრებით გათავისუფლებას.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით მგულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას. არა მძიმე სტაბილურობას და რეჟიმის ფარგლებში სტაბილურობას, არამედ ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი და, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს, ამას აქვს თავის მიზეზები, რატომაც ასე ვუსვამ ხაზს და მის პროფესიონალიზმს. ამიტომ ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში. მათ შორის, მალდობას ვუხდი, რა თქმა უნდა, აშშ-ის ელჩს”, — განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია ასევე გამოყოფს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ჟიგიმანტას პავილიონისის დამსახურებას და აღნიშნავს, რომ მისი მონდომების გარეშე ის შედეგი არ დადგებოდა, რაც დღესაა.

“თუმცა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა ენმ-ის ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არ მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა”, — ამბობს მელია.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ციხე დღეს, 10 მაისს, დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი