ახალი ამბები

უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში მელიას გათავისუფლების შემდეგ

10 მაისი, 2021 • 1729
უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში მელიას გათავისუფლების შემდეგ

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არის და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლის საკითხი იმ ფორმით უნდა გადაწყდეს, როგორც ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევა. მელია კი თავმჯდომარედ ფეისბუქზე გამოკითხვის შედეგად აირჩიეს.

“სხვადასხვა აზრი არის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. პირადად მე მიმაჩნია, როგორი არალეგიტიმურიც იყო აქამდე ეს პარლამენტი, ისეთივე  რჩება, ამიტომ იქ შესვლა ჩვენი ამომრჩევლისთვის წარმოუდგენელია. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციის ნაწილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკას გამოსვლამდე შევიდნენ პარლამენტში და ამით ოპოზიური ერთობა დაარღვიეს, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უბრალოდ პოლიტიკურმა საბჭომ, არამედ გაფართოებულმა პოლიტიკურმა საბჭომ. მე ვიქნები იმის მომხრე, რომ იმ წესით მივიღოთ გადაწყვეტილება, რა წესითაც  ნიკა მელია ავირჩიეთ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ – საერთო სახალხო”, — განუცხადა “ტვ პირველს” ბარამიძემ.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით თავის პოზიცია აქვს ნიკა მელიასაც. თუმცა თვითონ ფიქრობს, რომ თუ პარტია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მაშინ პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს.

“ნიკას აქვს თავისი პოზიცია და მან უნდა თქვას ეს პოზიცია. ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა ერთად. სხვადასხვა მოსაზრებაა პარტიაში, არ დაგიმალავთ. მე, მაგალითად, ვემხრობი, რომ თუ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე გავდივართ და “43 მინუსი” რეფერენდუმზე ვიღებთ მონაწილეობას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის ყველა ველი. ეს არის ჩემი მოსაზრება. უნდა/არ უნდა – ეს მეორეხარისხოვანია. მე ამ მოსაზრებას ვიტყვი პოლიტსაბჭოზე, იმიტომ, რომ პოლიტსაბჭო წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას”, — განუცხადა “ტვ პირველს” დეკანოიძემ.

დღეს, 10 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი