ახალი ამბები

ნიკა მელიამ ციხე დატოვა

10 მაისი, 2021 • 948
ნიკა მელიამ ციხე დატოვა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თავისუფალია. მან ციხე უკვე დატოვა.

რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან, მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდნენ.

ნიკა მელია მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის შექმნილი ფონდის, “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” (European Endowment for Democracy) მიერ გირაოსთვის 40 000 ლარის გადახდა. პროკურატურამაც სასამართლოსგან სწორედ ამ რაოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

ნიკა მელიას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი. ხელისუფლების ვერსიით, ნიკა მელიამ დემონსტრანტებთან ერთად პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებად მიიჩევს თავად პოლიტიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი