ახალი ამბები

ტყუილია, რომ გოლეთიანს ვხელმძღვანელობ… ჰესზე მის გამოჩენამდე მქონდა პოზიცია – მიტროპოლიტი სტეფანე

10 მაისი, 2021 • 1008
ტყუილია, რომ გოლეთიანს ვხელმძღვანელობ… ჰესზე მის გამოჩენამდე მქონდა პოზიცია – მიტროპოლიტი სტეფანე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც, იმავდროულად,  ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტ ვარლამ გოლეთიანს  დიდი ხანია იცნობს, თუმცა ამ უკანასკნელის საპროტესტო პროცესებში ჩართვა მისგან დამოუკიდებლად მოხდა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიაში გამართლ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

“ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა ჩემი პოზიცია. ეს კარგად უნდა იცოდეთ. თუ მედია ხართ, ჩემი პოზიცია მანამდე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ნაციონალების დროს რომ დაისვა ეს საკითხი, მაშინ მქონდა უარყოფით დამოკიდებულება არა ჰესის მიმართ, არამედ იმ პროცესის მიმართ, რომელიც ამ ჰესის ინფორმირებულობასთან დაკაშვირებით იყო. ფაქტობრივად, მოსახლეობა იგნორირებული იყო და მათ მიმართ რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ, ფლაერებით ელაპარაკებოდნენ. როცა ეკითხებოდნენ, მე რა მომელის, ფლაერით პასუხობდნენ.

შემდეგ, პირველ ეტაპზე, იყო მხოლოდ ის, რომ ეკოლოგიური საკითხები იდგა, მერე როდესაც უკვე ვარლამი და ა.შ. შემოვიდნენ პროცესში, ეს აბსოლუტურად ჩემგან დამოუკიდებლად, არაფერი ამის შესახებ არ ვიცოდი. როდესაც კარვები და რაღაცა… მე კორონავირუსი მქონდა და არაფერი ვიცოდი, ამ საკითხში გაცნობიერებული არ ვიყავი. შემდეგ უკვე, 99 წელთან დაკაშვირებით, მე მგონი, მთელი საქართველო აღშფოთებულია. მე ვიყავი პირველი, რომელიც გამოვედი და დავსვი ეს საკითხი, რომ როგორ შეიძლება 99 წლით გადაეცეს რომელიმე კერძო კომპანიას ამხელა ტერიტორია. ეს იყო ჩემი ჩართულობა ამაში”, — განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტის თქმით, ვარლამ გოლეთიანთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია, თუმცა სპეციალურად ცდილობს, რომ მასთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდეს. მიტროპოლიტის თქმით, ტყუილია, რომ გოლეთიანს ჰესთან დაკავშირებულ საკითხებში ხელმძღვანელობს.

“რაც შეეხება ჩემი და ვარლამის ურთიერთობას, მამამისი არის ჩემი ეპარქიის მღვდელი. ვარლამი პატარა ბავშვი იყო, გიმნაზიაში სწავლობდა ჩვენთან, მე მისი მასწავლებელი ვიყავი, ვუტარებდი გაკვეთილებს. შემდეგ ის წავიდა თბილისში, სწავლობდა. მე მასთან კონტაქტი აღარ მქონდა. ის ამ სიტუაციაში რომ შემოვიდა, მე პოსტ-ფაქტუმ გავიგე. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ის ამ საკითხშია ჩართული, ჩვენ შორის ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მაგრამ ის, რომ მე მას ვხელმძღვანელობდე რაიმე საკითხში, აბსურდი და ტყუილი, იმიტომ, რომ მე მისი ტელეფონის ნომერიც არ მაქვს ჩაწერილი. სპეციალურად არ მინდა, რომ მე მასთან პირადი კონტაქტი მქონდეს.

მამამისთან შეიძლება რაღაც ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე მასთან პირდაპირი ურთიერთობა არც მაქვს, ხანდახან რაღაც დღესსაწაულებზე თუ შევხვდები. მიყვარს, კარგი ადამიანია, მე მგონი, მთელმა საქართველომ შეიყვარა, ისეთი ადამიანია, ზრდილობიანი და წესიერი. ჩემთვის სიამაყეა, რომ ეს ადამიანი პატრიოტი ქართველია, რომ ის მართლა მთელი გულით არის სიმართლისთისთვის მებრძოლი და მე არასოდეს არაფერს ვიტყვი მის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

დაპირისპირება ჭყონდიდში: გოლეთიანი ხსნის, რატომ ჩავიდა ის ეპარქიაში

მასალების გადაბეჭდვის წესი