ახალი ამბები

გარდაიცვალა პოეტი, ესეისტი და ეკოლოგი ნუგზარ ზაზანაშვილი

10 მაისი, 2021 • 1351
გარდაიცვალა პოეტი, ესეისტი და ეკოლოგი ნუგზარ ზაზანაშვილი

64 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, ესეისტი და ეკოლოგი ნუგზარ ზაზანაშვილი, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მწერალთა სახლი ავრცელებს.

ნუგზარ ზაზანაშვილი 5 კრებულის ავტორია. მისი ლექსები პირველად 1981 წელს გამოქვეყნდა. 1992 წელს კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ გამოიცა 1998 წელს.

მომდევნო კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ „საბა 2006“-ის ნომინანტია;

2010 წელს გამოიცა კრებული „ცის“. „მექანიკური როიალი“ კი ავტორის მეოთხე კრებულია. ნუგზარ ზაზანაშვილის ბოლო პოეტურ კრებულს ,,წავა წავა წავა“  ჰქვია და გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ გამოსცა. ზაზანაშვილი ავტორია ასევე ლიტერატურულ-პუბლიცისტური წიგნისა „რუსოფობია“.

ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსები შეტანილია მწერალ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილ თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგიაში: 1990-2004 („Link“, 2004) და პოეტ ზვიად რატიანის შედგენილ წიგნში „ქართული ლექსი: XX საუკუნე“ („დიოგენე“, 2015).

ნუგზარ ზაზანაშვილი არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორიც.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან. იყო WWF-ის პროგრამების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით.

ნუგზარ ზაზანაშვილის სამეცნიერო ინტერესი იყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა, ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება.

ნუგზარ ზაზანაშვილი იყო ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი