ახალი ამბები

გორაკას მიმდებარედ საოკუპაციო ხაზის გასავლებად ტყეს კაფავენ — “ძალა ერთობაშია”

10 მაისი, 2021 • 1345
გორაკას მიმდებარედ საოკუპაციო ხაზის გასავლებად ტყეს კაფავენ — “ძალა ერთობაშია”

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონის სოფელ გორაკას მიმდებარედ “ბორდერიზაციის” მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, საშუალოდ, 100 მეტრით გადმოინაცვლეს.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი სამხედროები ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქტიურად კაფავენ ტყეს კასპის რაიონის სოფელ გორაკადან ქვემო ჭალის ტყის მიმართულებით.

“ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ტყეში გადააწყდნენ რუს ოკუპანტებს, რომლებიც ღებავდნენ ხეებს, ანუ ნიშნულებს აკეთებდნენ უკვე ბორდერიზაციისთვის გამზადებულ ტყეში… გარდა ამისა, გორაკაში მდებარე ციხე “ორკაპა” წარმოადგენს ე.წ. შიშის ზონას — მიუხედავად იმისა, რომ ეს ციხესიმაგრე მდებარეობს ოკუპაციის ხაზიდან 300 მეტრში, მოსახლეობა ვეღარ მიდის ამ ციხესთან, ვინაიდან გატაცების ალბათობა მიმდებარე ტერიტორიიდან ძალიან მაღალია”, — წერს ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ბორდერიზაციის” ფაქტს ადასტურებენ, თუმცა კომენტარს არ აკეთებენ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და ტყის მასივის გაკაფვის შესახებ. სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი