ახალი ამბები

ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით კაცი დააკავეს

7 მაისი, 2021 • 1238
ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით კაცი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს წარედგინა ბრალი. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 5 მაისს ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა, რის შედეგადაც ა.ა-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს თბილისში ბ.თ-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ-ს ქმედების შედეგად, მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გაუპატიურებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი