ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

7 მაისი, 2021 • 1107
ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. პრეზიდენტის სასახლეში ღარიბაშვილის შესვლის კადრებს მედიები ავრცელებენ, თუმცა შეხვედრის მიზეზი უცნობია.

პრემიერ-მინისტრამდე პრეზიდენტს დღეს, 7 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც შეხვდა. დღესვე პრეზიდენტს შეხვდნენ “ქართული ოცნების” წევრები — მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

როგორც შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელზეც ოპოზიცია ვეტოს დადებას ითხოვს.

“მას არ შეუმჩნევია და არ მოუხდენია, მით უმეტეს, დეკლარირება თავისი განწყობის, მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა ამასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე, როგორც მე მივხვდი. მის დასკვნებზე მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ”, — განაცხადა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:

  1. მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის;
  2. იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

მეორე და მესამე მოსმენა ერთ დღეს, 29 აპრილს გაიმართა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები.

ოპოზიციის თქმით, მიღებული ცვლილებები 19 აპრილს შარლ მიშელის ეგიდით გაფორმებული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა მიღებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს. ამასთან, ცვლილებების მიღების გამო “ქართული ოცნება” გააკრიტიკა აშშ-ს საელჩომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი