ახალი ამბები

ზურაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

7 მაისი, 2021 • 1108
ზურაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

დღეს, 7 მაისს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა. შეხვედრის შესახებ კომენტარი არც გომელაურს და არც ზურაბიშვილს არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, შეხვედრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს უნდა შეხებოდა, რომელზეც ოპოზიცია ვეტოს დადებას ითხოვს.

დღესვე პრეზიდენტთან მივიდნენ “ქართული ოცნების” წევრები, მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე. როგორც დღეს მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა, ვეტოს საფუძველი არ არსებობს, თუმცა, თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვით მიიღებს. მისივე თქმით, “ოცნება” მზად არის, რომ საკუთარი არგუმენტები წარადგინოს და მეტი სიცხადე შეიტანოს ამ დისკუსიებში.

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:

  1. მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის;
  2. იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

მეორე და მესამე მოსმენა ერთ დღეს, 29 აპრილს გაიმართა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები.

ოპოზიციის თქმით, მიღებული ცვლილებები 19 აპრილს შარლ მიშელის ეგიდით გაფორმებული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა მიღებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს. ამასთან, ცვლილებების მიღების გამო “ქართული ოცნება” გააკრიტიკა აშშ-ს საელჩომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი