ახალი ამბები

20 ივნისს დაზარალებულები ამნისტიაზე ოპოზიციის და “ოცნების” კანონპროექტებს გმობენ

7 მაისი, 2021 • 1119
20 ივნისს დაზარალებულები ამნისტიაზე ოპოზიციის და “ოცნების” კანონპროექტებს გმობენ

20 ივნისის აქციაზე დაზარლებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ 20 ივნისის შესახებ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტებს არ ეთანხმებიან და გმობენ. ამის შესახებ განცხადებას 11 დაშავებული აწერს ხელს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავიდანვე ცხადი იყო, შარლ მიშელის დოკუმენტში “19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიის” პუნქტი “ქართულ ოცნებას” ყოველგვარი სამართლებრივ-პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნის შანსს აძლევდა, რომელიც მმართველმა პარტიამ გამოიყენა კიდეც.

“აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაკვირი არ იყო ოცნების მიერ კანონპროექტის ამ ტექსტით მიღება, რომელიც ამნისტიას ახებს 20 ივნისის ყველა ჯალათსა და უკანონო ბრძანების გამცემ საჯარო მოხელეებს”, – წერია განცხადებაში.

ოპოზიციის შესახებ კი აღნიშნულია, რომ კანონპროექტის წარდგენით  ისინი ცდილობენ “მორალური სახის შენარჩუნებას”, თუმცა მათი მცდელობა “ფუჭია”. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. დაზარალებულებს ამის დასტურად მოჰყავთ შემდეგი არგუმენტები:

  • მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო ბოდიშიც კი მოიხადეს დაზარალებულების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ამნისტიის საკითხზე შეთანხმების გამო, კანონპროექტის მომზადების პროცესშიც კი არ ჩართეს დაზარალებულები, რაც კიდევ ერთი არაეთიკური და პრაგმატულად გაუმართლებელი ქმედებაა მათი მხრიდან. ამ ქმედებით მათ გააგრძელეს ჩვენი შელახული უფლებების ბედის კულისებში გადაწყვეტა ჩვენგან ყოველგვარი კოორდინაციისა და შეთანხმების გარეშე. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამნისტიის დოკუმენტი სტანდარტულად გულისხმობს დაზარალებული მხარის თანხმობის საჭიროებას,ხოლო 20 ივნისს დანაშაულის მსხვერპლს და მონაწილე მხარეს სწორედ მშვიდობიანი დემონსტრანტები წარმოვადგენთ და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
  • ამ კანონპროექტით ცალსახად ხდება სამი სამართალდამცავის ამნისტია, რომელთაგან ერთ-ერთი, პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული იყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, კერძოდ, მოქალაქეებისთვის დამიზნებით სროლის ფაქტზე. ჯალათი პოლიციელის ხელაღებით ამნისტია, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სხვა მძიმე დაზიანებების ( მხედველობის დაკარგვა და ა.შ.) ამსრულებელი, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.
  • კანონპროექტი ამტკიცებს, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან ბრძანების გამცემი პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა სრულიად ცხადი და დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ რეალური პასუხისმგებლობა იმ პირებსაც მიემართება, რომლებიც არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობას (ბიძინა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე).
  • მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაშავებულ მშვიდობიან დემონსტრანტთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არც ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები გააჩნიათ. აღნიშნული რედაქციით ამნისტიის მიღება ფაქტიურად გამოიწვევს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას, რაც შეუძლებელს გახდის მოცემულ საქმეებზე პირთა დაზარალებულად ცნობასა და მტკიცებულებებზე წვდომას, რაც თავის მხრივ უნდა გამხდარიყო საფუძველი დავების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში.

20 ივნისს დაზარალებულთა ჯგუფი მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და საერთასორისო პარტნიორებს მოუწოდებს, “არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრიი პასუხისმგებლობის გაუმქება და არ მოუსპონ დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლის და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება”.

განცხადებას ხელს აწერენ: მაკო გომური, გიორგი სულაშვილი,კობა ლეთოდიანი, ირაკლი ხვადაგიანი, ირაკლი ფავლენიშვილი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჭიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულესკირია, ლუკა პეტრიაშვილი და დავით ხვადაგიანი.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი