ახალი ამბები

“სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ვაქცინაცია” — მღვდელი გიორგი ჩაჩავა კოვიდვაქცინით აიცრა

6 მაისი, 2021 • 1106
“სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ვაქცინაცია” — მღვდელი გიორგი ჩაჩავა კოვიდვაქცინით აიცრა

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი გიორგი ჩაჩავა კოვიდვაქცინით აიცრა. სასულიერო პირის აცრის კადრებს “ფორმულა” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოძღვარი “ასტრაზენეკას” ვაქცით აიცრა.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სწრაფად წარიმართოს.

“ქვეყანა მეტს ვეღარ გაუძლებს, ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს. ბავშვები ვერ დადიან სკოლაში, წრეებზე, სპორტზე… ანუ ერთი წელიწადია ქვეყანა გაჩერებულია. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას და ჩვეულებრივ კალაპოტს დავუბრუნდეთ”, — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წინააღმდეგ “შავრაზმული პროპაგანდა” მუშაობს.

“ჩვენს ქვეყანაში შავრაზმულმა პროპაგანდამ იმუშავა. ყველამ ვიცით, რომ ინტერნეტი გაივსო, აღარ წავალ შორს, საიდან და როგორ. მოდის ეს, კარგად ვიცით. და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა არ უნდათ. უნდათ, რომ დიდხანს ვიყოთ ჩაკეტილი, ჩვენი ეკონომიკა რაც შეიძლება დიდხანს მიდიოდეს უკან და ეს ამისთვის იყო გაკეთებული. მე მგონი, ისინი თანდათანობით მიხვდებიან. რამდენიმე სასულიერო პირი, ეპისკოპოსიც კი გარდაიცვალა ამ დაავადებით.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ ვამბობთ, რომ ჩვენს ქმედებებში ვართ შეზღუდულები ამ დაავადების გამო და როდემდე ვიმოქმედოთ შეზღუდულად[…] ვინც გაივლის აცრას, მათთვის კოვიდშეზღუდვები ცოტა უნდა შეიცვალოს, რომ იყოს გარკვეული სტიმული და როცა ადამიანები დაიანახავენ, რომ ვინც ორჯერ აიცრა, მათზე გარკვეული შეზღუდვები აღარ ვრცელდება, ეს იქნება ძალიან დიდი ბიძგი”, — განაცხადა მან.

ფოტო: ფორმულა

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი