ახალი ამბები

“მედიას მივცემთ ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობას და განსაკუთრებულ პირობებს” – ტიკარაძე

6 მაისი, 2021 • 1420
“მედიას მივცემთ ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობას და განსაკუთრებულ პირობებს” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლების ვაქცინაციასთან დაკავშირებით უწყებაში სპეციალურ გეგმაზე მუშაობენ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალ კვირაში გახდება. ამის შესახებ მინისტრმა “რუსთავი 2-თან” განაცხადა.

მინისტრის თქმით, მედიაში დასაქმებულ პირებს ექნებათ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა და არ მოუწევთ იმუნიზაციისთვისთვის რიგში დგომა:

“მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა. თუ მომცემთ ნებას, ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროში დავაანონსებთ. მედიას მივცემთ ფართო შესაძლელობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ იმისათვის, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში.

ამასთან დაკავშირებით ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს და ასევე მივმართავთ ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს და ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა” ,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან”.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაცია ორი, “ასტრაზენეკასა” და “სინოფარმის” ვაქცინებით მიმდინარეობს, თუმცა “ასტრაზენეკას” შემთხვევაში იმუნიზაცია დაშვებულია მხოლოდ 55 წელს ზემოთ პირებისთვის. შესაბამისად, გაუკრვეველია, რას გულისხმობს მინისტრი ვაქცინების შერჩევის შესაძლებლობაში.

საქართველოში ამ დროისთვის ასევე არის “სინოვაკის” ჩინური წარმოების ვაქცინაც, რომლის ადმინისტრირებაც ამ ეტაპზე არ არის დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი