ახალი ამბები

გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვს ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას — წილოსანი

6 მაისი, 2021 • 873
გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვს ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას — წილოსანი

“ქართული ოცნების” წევრები დღეს,  6 მაისს, ოპოზიციის წევრებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ეხმაურებიან, სადაც  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს განიხილავენ.

უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტისთვის ადმინისტრაციულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს. 

მმართველი პარტიის წევრ ნინო წილოსანისთვის გაუგებარია ოპოზიციის მოტივაცია ვეტოს მოთხოვნასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა მიღებული.

“ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი იმაზე უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში მათი შენიშვნები და ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული.

რაც შეეხება პრეზიდენტთან მათ კონსულტაციას, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან და ზოგიერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებების მიხედვით არის მიღებული, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკით არის მიღებული”, — განაცხადა წილოსანმა.

უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს, ცვლილებებზე მსჯელობის რესურსი კიდევ არსებობს.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსის მიღებას გეგმავს, რაც აღნიშნულ ცვლელებზე ყველა კუთხით მსჯელობის შესაძლებლობას ისევ შექმნის.

“ჩვენ ვთვლით, რომ არგუმენტაცია ამ ცვლილებების არის საკმაოდ მყარი და არგუმენტირებული. მსჯელობა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ არ მოგვისმენია. თუმცა, ვფიქრობთ, მსჯელობის რესურსი კიდევ არსებობს. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ქმედებაზე, თუმცა ადმინისტრაციული საკანონმდებლო რეფორმის კუთხით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსის მიღება, შესაძლებელია ცვლილებებზე კვლავ ყველა კუთხით მსჯელობა. ასე რომ, მსჯელობის კარი კვლავ იღება”, — განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:

  1. მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის;
  2. იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

მეორე და მესამე მოსმენა ერთ დღეს, 29 აპრილს გაიმართა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები.

ოპოზიციის თქმით, მიღებული ცვლილებები 19 აპრილს შარლ მიშელის ეგიდით გაფორმებული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა მიღებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს. ამასთან, ცვლილებების მიღების გამო “ქართული ოცნება” გააკრიტიკა აშშ-ს საელჩომაც.

რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი