ახალი ამბები

ალბათ, დავაკელით კომუნიკაციაში და მენეჯმენტშიც — გამყრელიძე ვაქცინაციის ნელ ტემპზე

5 მაისი, 2021 • 1116
ალბათ, დავაკელით კომუნიკაციაში და მენეჯმენტშიც — გამყრელიძე ვაქცინაციის ნელ ტემპზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იზიარებს კრიტიკას, რომ ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპით მიმდინარეობა, მათ შორის, არასაკმარისი კომუნიკაციის ბრალია.

“მე ჩემს თავზე ვიღებ კრიტიკას. ალბათ, რაღაცები დავაკელით კომუნიკაციაშიც, შეიძლება, მენეჯმენტშიც. მაგრამ მთავარი [მიზეზი] მაინც არის რამდენიმე: ახალი ვაქცინის დანერგვისას ყოველთვის არის სკეპტიციზმი. ეს ვაქცინები დაშვებულია გადაუდებელ მდგომარეობაში, ანუ ომში გამოყენებისთვის. მათ არ აქვთ სრული ავტორიზაცია. ყველა რეაქტოგენული ვაქცინებია, აქვთ 5-6-ჯერ მეტი გვერდითი ეფექტები, ვიდრე იმ ვაქცინებს, რომლებსაც ბავშვებს ვუკეთებთ. ეს ეფექტები ორ დღეში გადის, მაგრამ გარკვეული შიშის სინდრომი არსებობს. კიდევ ერთი პრობლემაა, რომ ვაქცინების გარანტირებული მოწოდება განვითარებული ქვეყნებისთვის რთულია. ეტაპობრიობა არ ვიცით”, — განაცხადა გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

“ვაქცინაცია უნდა იყოს ყველაზე ზე-საკითხი — ამაზე გადის ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომ მიდის დუნედ [ვაქცინაციის პროცესი], არის ის, რომ ანტივაქსერული მოძრაობა საკმაოდ ძლიერია და ვერ მოხერხდა, მოსახლეობაში ამ მენტალიტეტის გატეხვა. ამაში თვითკრიტიკას ვიღებთ”, — განაცხადა გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მის თქმით, ამ დროისთვის 51 ათასზე მეტი ადამიანი არის აცრილი და ეს პროცესი დამოკიდებულია როგორც მოსახლეობის დამყოლობაზე, ისე საკომუნიკაციო კამპანიაზე. გამყრელიძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ნაკლებად ისარგებლეს ვაქცინით, ვიდრე — 55+ ასაკობრივმა ჯგუფებმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი