ახალი ამბები

მელია თავისი გუნდის და ბელადის მსხვერპლია – ზარქუა

4 მაისი, 2021 • 1441
მელია თავისი გუნდის და ბელადის მსხვერპლია – ზარქუა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია “თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა”.

მისი თქმით, მელიას შეუძლია გირაოს დათანხმდეს და ხვალვე გამოვიდეს ციხიდან, თუმცა “ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო”.

“მელია არის ჩვეულებრივი მსხვერპლი თავის გუნდის და ბელადის[…] გირაოს არგადახდის გამო დააპატიმრეს, მერეც კი იყო შეთავაზება, რომ თუ ადვოკატები მოითხოვდნენ, მას შეეფარდებოდა გირაოს გადახდა და ისე გამოვიდოდა, იმაზეც უარი თქვა და თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. თავის სიტყვებში გაიჭედა, თავის პრინციპებში გაიჭედა. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ახალგაზრდას იმიტომ, რომ მან თავის პარტიაში რებრენდინგი დაიწყო[…] ვგულშემატკივრობ და მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს”, – განაცხადა ზარქუამ.

26 აპრილს გავრცელებულ წერილში ნიკა მელია აცხადებდა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში დათანხმდებოდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს. პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი — მმართველი გუნდის და ოპოზიციის — პროექტი მაინც დარეგისტრირდა.

თუმცა, დღეს, 4 მაისს, ნიკა მელიას ადვოკატები არ პასუხობენ კითხვას, თანახმაა თუ არა მელია გირაოთ გათავისუფლებაზე. გიორგი კონდახიშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი მელიას დღეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებუებაში შეხვდნენ და განაცხადეს, რომ სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათი თქმით, პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლა. გირაოზე დათანხმების სამართლებრივი პროცედურა კი ბუნებაში არ არსებობს.

პირველ მაისს ნიკა მელია მოინახულა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ “ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას”. არაერთგზის ჩაკითხვის მიუხედავად, მელიასთან შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა არ უპასუხეს კითხვას, თანახმაა თუ არა მელია, თავად გადაიხადოს ან ევროკავშირმა გადაუხადოს გირაო.

2019 წლის 20 ივნისის საქმეზე მელიას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, თუმცა ამის წინაპირობად ასახელებს დაცვის მხარის მზაობას, გირაოს თანხის გადახსის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი