ახალი ამბები

რატომ ავიცერი “სინოფარმით”? – კორონავირუსის ისტორიები

6 მაისი, 2021 • 4660
რატომ ავიცერი “სინოფარმით”? – კორონავირუსის ისტორიები

ჩინური “სინოფარმით”, 5 მაისის მონაცემებით, საქართველოში 793 ადამიანია აცრილი. “სინოფარმზე” რეგისტრირებულთა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინას “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის”(WHO) ავტორიზაცია ჯერ არ აქვს მიღებული. ადამიანები, რომლებმაც პირველი დოზა უკვე მიიღეს, “ნეტგაზეთს” საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, უყვებიან, რატომ გადაწყვიტეს ვაქცინაცია და ასახელებენ მიზეზებსაც, რომელთა გამოც სხვებსაც მოუწოდებენ პროცესში ჩართვისკენ.

“დადებითი ეფექტი გაცილებით დიდია, ვიდრე უკუჩვენება”

ფაქტი, რომ WHO-ს ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, კინომცოდნე ნინო ძანძავასთვის “სინოფარმის” ეფექტიანობასთან დაკავშირებით მცირე ეჭვებს აჩენს, თუმცა მაინც გადაწყვიტა, ხსენებული ვაქცინით აცრილიყო. მისი თქმით, ვირუსის პრევენციისთვის მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი რაოდენობის აცრა მნიშვნელოვანია და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, განმეორებითაც აიცრას.

“მიუხედავად იმისა, რომ მირჩევნია, “ასტრაზენეკათი” ან “ფაიზერით” ავიცრა — ანუ იმ ვაქცინებით, რომელთაც უფრო ვენდობი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შესახებ უფრო ღიაა ინფორმაცია მსოფლიო სამედიცინო სფეროსთვის — ვინაიდან სხვა ვაქცინის შესაძლებლობა არ იყო, გადავწყვიტე, მაინც ავცრილიყავი [“სინოფარმით”]. შეიძლება, დაცვის პროცენტულობა ისეთი მაღალი არ იყოს, მაგრამ სულ არაფერს ჯობია”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ნინო ძანძავა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას “ბევრი ფიქრი საჭირო არ არის”, ვინაიდან სათუოა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვირუსის მასობრივად გავრცელებას ეფექტურად გაუმკლავდეს:

“ეს არის პასუხისმგებლობაც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად არ არის მოწოდების სიმაღლეზე და რადგან არ არის იმის გარანტია, რომ ძალიან დიდი გავრცელების შემთხვევაში სახელმწიფო დაგვეხმარება და ელემენტარულად, საწოლი და ჟანგბადის ბალონი იქნება შენთვის მომზადებული, ვაქცინა არის ერთადერთი პრევენციული მექანიზმი.

ყველა ვაქცინას აქვს ალბათ რაღაც უკუჩვენება, მაგრამ დადებითი ეფექტი გაცილებით დიდია, ვიდრე უკუჩვენება. ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა აიცრას ყველა”.

ნინო ძანძავა

სანამ ვაქცინის მეორე დოზას მიიღებს, “ნეტგაზეთს” უზიარებს ორ პრობლემურ საკითხს, რასაც ამ ჯერზე გადააწყდა: პირველ შემთხვევაში, საუბრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზე, რის გამოც საკმაო მანძილის გავლა მოუხდა ტაქსით და ეჭვი აქვს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ამის საშუალება ჰქონდეს. მეორე მხრივ, საუბრობს ვითარებაზე, რომელიც ამცრელ პუნქტში დახვდა.

“სეზონური ალერგია მაქვს, ოღონდ ალერგოლოგის კონსულტაციის გარეშე ვსვამ წამლებს. რომ აღვნიშნე, რომ ანტიჰისტამინს ვიღებ, დაეჭვდა პერსონალი და კინაღამ უკან გამომისტუმრეს… ზოგადი ალერგიების ფონზე, მე რაც მაქვს წაკითხული, მაინც აკეთებენ ვაქცინას, თუ კონკრეტულ პრეპარატზე არ გაქვს ალერგია.

პერსონალი, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს, მე როგორც მივხვდი, ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისად ინფორმირებული და არაკომპეტენტურ შეფასებებს აკეთებენ. მითხრეს, წყლიან თვალებზე გეტყობათ, რომ ალერგია გაქვთო. ეს სასაცილოა, უბრალოდ”, — დასძენს ნინო ძანძავა.

“თვალდახუჭული ვენდობი მის ეფექტიანობას”

4 მაისს დადგა დღე, რომელსაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეცნიერო ჟურნალისტი და ქართული “ვიკიპედიის” ადმინისტრატორი მიხეილ ჭაბუკაშვილი პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ ელოდა: მან ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ჟურნალისტი ჩინური “სინოფარმით” აიცრა და სხვებსაც მოუწოდებს, ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან ვაქცინის ეფექტიანობაში ეჭვი არ შეაქვს.

“პანდემიის დაწყებისთანავე, რა თქმა უნდა, მთელი ჩემი საქმიანობა ამ ვირუსის გაშუქებაზე, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ვაქცინების საკითხიც. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მალევე დაიწყო მათზე მუშაობა.

იმ დღიდან მოყოლებული, ნებისმიერი მწარმოებლის მუშაობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს ვეცნობოდი: რა ფაზაში იყო კვლევები, რა ტექნოლოგიით აკეთებდნენ ვაქცინებს და ა.შ. მათ შორის იყო ჩინური კომპანიებიც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თვალს ვადევნებდი ყველა მათ ნაბიჯს, რომელზე ინფორმაციაც ოფიციალური წყაროებით იყო ხელმისაწვდომი”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

როგორც აღნიშნავს, “ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არის ხელმისაწვდომი, ადასტურებს “სინოფარმის” ეფექტიანობას”. ჟურნალისტს ოპტიმიზმის საფუძველს უჩენს “ჯანმოს” ექსპერტების რეკომენდაციებიც, რომლებიც 4 მაისს გამოქვეყნდა და რომელთა მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყნაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით, Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში. ფიქრობს, რომ ავტორიზაცია უკვე “ბიუროკრატიის, დროის საკითხია”.

ვრცლად: “დასამატებელია დოკუმენტაცია” – WHO “სინოფარმის” ვაქცინის ავტორიზაციაზე და ვაქცინაცია საქართველოში

“ჯანმო” სინოფარმთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაციის საჭიროებაზეც საუბრობს. ორგანიზაციის ექსპერტების რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებსაც ორგანიზაცია ბოლომდე არ უნთებს მწვანე შუქს. სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდეს და მეტ დეტალს გავიგებდეთ, სამეცნიერო ჟურნალისტი დასძენს, რომ ეს უკანასკნელი გარემოება შეშფოთების საფუძვლად არ მიაჩნია.

“თუ ნახავთ, სხვა კომპანიებსაც მოსთხოვა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” თუ სხვა მარეგულირებელმა იგივე დოკუმენტაცია. რომ გადაამოწმოთ, პირველ ჯერზე არცერთ მწარმოებელს არ მიუწოდებია ყველა დოკუმენტი. ყველას რაღაც დააკლდა, ყველას რაღაც გამორჩა…

შემდეგ, როდესაც მოხდა ამ მასალების მიწოდება, [შესაბამის ვაქცინას] მიენიჭა საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია. ასე რომ, ეს, ჩემი აზრით, ბიუროკრატიული სვლაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება… ყველაზე მეტად გამბედაობას მაძლევს მილიონობით ადამიანი, რომელიც უკვე აიცრა ამ ვაქცინით”.

მიხეილ ჭაბუკაშვილი 4 მაისს, "სინოფარმით" აიცრა. ფოტო: Facebook/Mikheil Chabukashvili

მიხეილ ჭაბუკაშვილი 4 მაისს, “სინოფარმით” აიცრა. ფოტო: Facebook/Mikheil Chabukashvili

მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, აიცრას თუ არა “სინოფარმით” ან რომელიმე სხვა ვაქცინით, მიხეილ ჭაბუკაშვილი მოუწოდებს, ნუ შეხედავენ ვაქცინას, როგორც განკერძოებულ კატეგორიას, ვინაიდან “ეს არის ჩვეულებრივი წამალი”, იმ განსხვავებით, რომ ის “უფრო მეტ ადამიანზეა გატესტილი”:

“მოგეხსენებათ, რა დროში ვცხოვრობთ. თავზე დაგვექცა ის ჩვეული ცხოვრება, რომელიც 1.5 წლის წინ გვქონდა. ამის დასრულების ერთადერთი გზა არის ვაქცინა. ეს იქნება “სინოფარმი” თუ “ფაიზერი”, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ეფექტიანობა, რაც ჯერჯერობით მიუთითებს მტკიცებულებები, რომ “სინოფარმს” გააჩნია. “მე ის მინდა ან მე ეს არ მინდა” არის არასერიოზული დამოკიდებულება საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის მიმართ.

რაც მთავარია, “სინოფარმი” დაფუძნებულია ძველ ტექნოლოგიაზე, რომელიც 50-იანი წლებიდან მოდის: ინაქტივირებულ ვირუსზე, რომელსაც, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუნდაც ალერგიები, შეშუპება და ა.შ. ასე რომ, მე პირადად, როგორც ადამიანი, რომელიც ამ ვაქცინაზე მუშაობის დაწყების დღიდან მიჰყვება ყველანაირ ინფორმაციას, თვალდახუჭული ვენდობი მის ეფექტიანობას”.

“მთავარია, არ გავხდე ვირუსის გამავრცელებელი”

“სინოფარმის” პირველი დოზით ნინო რობაქიძეც 4 მაისს აიცრა. ამბობს, რომ გვერდითი სიმპტომები არ აღენიშნება: მხოლოდ პირველ დღეს გრძნობდა დისკომფორტს ნანემსარზე. მისი თქმით, პანდემიის კრიზისის დაწყებისთანავე ჩამოყალიბდა იმაზე, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

“რა თქმა უნდა, “სინოფარმთან” დაკავშირებით იყო კითხვები, იმის გამო, რომ არ არის ავტორიზებული ჯანმოს მიერ, განხილვა არ ყოფილა დასრულებული და არც რიგი განვითარებული ქვეყნების ავტორიზაცია ჰქონია.

მაგრამ იმ მომენტისთვის, როცა ავიცერი, 65 მილიონი ადამიანზე მეტი იყო “სინოფარმით” აცრილი და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები მინიმუმ იმას აჩვენებდა, რომ 50%-ზე მაღალი ალბათობით ამცირებდა კოვიდის გავრცელებისა და მძიმე დაავადების შანსებს.

შესაბამისად, მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობა შეიძლება უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე სხვა, დასავლურ ქვეყნებში წარმოებული ვაქცინებისა”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ნინო რობაქიძის თქმით, არ ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი.

ნინო რობაქიძე ფოტო: Facebook/Niniko Robakidze

“მთავარია, რომ არ გავხდე ვირუსის გამავრცელებელი ან მძიმე დაავადებით არ დავაწვე კიდევ ჯანდაცვის სისტემას ტვირთად”, — აღნიშნავს ის და ამატებს:

“არ უნდა უარვყოთ, რომ რაღაც თვალსაზრისით ეს რისკი არის — ვგულისხმობ არა გვერდით მოვლენებს, არამედ იმას, რომ სულ ახლახან გახდა ჯანმოს მონაცემები საჯარო და ჯერ ბევრმა ადამიანმა ალბათ არ იცის, ეს ვაქცინა რამდენად ეფექტურია და დაცვის რა ხარისხს სთავაზობს მას — მაგრამ სასწორის მეორე მხარეს არის რაღაც შანსი იმისა, რომ ნაწილობრივ მაინც დავეხმარებით ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემას, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს.

რომ წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ქვეყანა იქნება ამ პროცესში და მოსახლეობის 60-70% აიცრება, ამ შემთხვევაში ეფექტური რამდენად იქნება და მინიმუმ გაგვიუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რაც ახლა გვაქვს, ამაში ორი აზრი არ არის”.

სამედიცინო პერსონალის კომპეტენტურობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როცა ადგილზე მყოფ მუშაკებს ასაცრელად მისულთა დამატებით კითხვებზე პასუხების გაცემა უჭირდათ. ეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა ფიქრობს, რომ ვითარება დედაქალაქის გარეთ უფრო კომპლექსურია:

“დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა უფრო მეტად დგას რეგიონებში, იმ საავადმყოფოებში, სადაც ნაკლებია ინფორმაცია და ტრენინგები. მგონია, ეს სერიოზული პრობლემაა. პერსონალმა კარგად უნდა იცოდეს და დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რასაც აკეთებს”.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ კვირის განმავლობაში “სინოფარმზე” ასაცრელად კაბინეტები დაემატება.

მოქალაქეები რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე – booking.moh.gov.ge-ზე გადიან. ამ დროისთვის, დიდი ქალაქების ნაწილში “სინოფარმზე” ადგილები სრულად დაჯავშნილია.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი