ახალი ამბები

მელიას ადვოკატის თქმით, გირაოზე თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს

4 მაისი, 2021 • 1075
მელიას ადვოკატის თქმით, გირაოზე თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები არ პასუხობენ კითხვას, თანახმაა თუ არა მელია გირაოთი გათავისუფლებაზე.

გიორგი კონდახიშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი მელიას დღეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებუებაში შეხვდნენ და განაცხადეს, რომ სხვადასხვა საკითხები განიხილეს.

პირველ მაისს ნიკა მელია მოინახულა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ “ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას”. არაერთგზის ჩაკითხვის მიუხედავად, მელიასთან შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა არ უპასუხეს კითხვას, თანახმაა თუ არა მელია, თავად გადაიხადოს ან ევროკავშირმა გადაუხადოს გირაო.

“მამუკა ხაზარაძემ რა ინფორმაციაც გამოიტანა, შეგიძლიათ ჰკითხოთ მამუკა ხაზარაძეს… გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არ არის დღის წესრიგში. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურაც, სასამართლოც — ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, მოითხოვონ გირაო და ამაში ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაში არ არის”, — განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლების პროპაგანდაა, ნიკა მელიას გადასაწყვეტი იყოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში.

“მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, ვხედავთ, ხელისუფლების მოქმედებებს — 13 აპრილის პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობა. პროკურატურას შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს [გირაოს] შუამდგომლობით. თანხმობის პროცედურა კი ბუნებაში არ არსებობს”, — აღნიშნა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, მაშინ რა თანხმობაზე საუბრობდა მელია 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, საძაგლიშვილმა გაიმეორა, რომ “სამართლებრივი პროცედურა თანხმობაზე ბუნებაში არ არსებობს”.

ნიკა მელიას ადვოკატები, ასევე, არ პასუხობენ კითხვას, გადაიხდიან თუ არა გირაოს საფასურს პროკურატურის მიერ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენების შემდეგ.

26 აპრილს გავრცელებულ წერილში ნიკა მელია აცხადებდა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში დათანხმდებოდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს. პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი — მმართველი გუნდის და ოპოზიციის — პროექტი მაინც დარეგისტრირდა.

2019 წლის 20 ივნისის საქმეზე მელიას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, თუმცა ამის წინაპირობად ასახელებს დაცვის მხარის მზაობას გირაოს თანხის გადახსის შესახებ.

ვრცლად ამ თემაზე:

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი