“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე 10 მაისს “სინოფარმის” ვაქცინით აიცრება. ეს ინფორმაცია მან საჯაროდ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, “ნეტგაზეთთან” საუბრისას კი აღნიშნა, რომ პანდემიის დასასრულებლად სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
“ჩემი მშობლები აიცრნენ “ფაიზერით”, როცა ამის საშუალება იყო. მე და ჩემი ოჯახის სხვა წევრები ავიცრებით “სინოფარმით”… ვნახე კვლევაც, რომელიც გამოაქვეყნა “ჯანომ” და, სავარაუდოდ, ავტორიზაციას მიიღებს [ეს ვაქცინა]”, — აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.
ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ აცრილი მოქალაქე იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც.
“მე მჯერა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია ამ საშინელი პანდემიის დასასრულებლად. ჩემ გარშემო, უცხოეთში, ყველა ჩემი მეგობარი აცრილია, ზოგი “სინოფარმით”, ზოგი “მოდერნათი”…
რომ იცრები, მარტო შენს სიცოცხლეს ხომ არ უფრთხილდები? უფრთხილდები სხვის სიცოცხლესაც. მე ძალიან ფრთხილად ვარ მთელი ეს პერიოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ავიცრათ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.
ძალიან მძიმეა ანტივაქსერული კამპანიის მოსმენა. მშობლებიც ავცერი, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გულ-სისხლძარღვთა დაავადება აქვს, მიოკარდიუმის ინფარქტი აქვთ გადატანილი… შესაძლო გართულებებზეც ხომ საუბრობდნენ, მაგრამ არავითარი გართულება არ მოჰყოლია არც დედაჩემის და არც მამაჩემის შემთხვევაში”.
რა წერია “ჯანმოს” ექპერტების რეკომენდაციებში – მოკლედ
ჩინური წარმოების “სინოფარმს” “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის”(WHO) ავტორიზაცია ჯერ არ აქვს. გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში უნდა გამოცხადდეს. მანამდე, გამოქვეყნდა WHO-ს ექსპერტების რეკომენდაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყნაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.
ექსპერტთა ჯგუფი:
- დარწმუნებულია, რომ BBIBP-CorV– ის ორი დოზა ეფექტიანია მოზრდილებში (18-59 ასაკობრივ ჯგუფში) COVID– 19 პრევენციის თვალსაზრისით.
- ზომიერად დარწმუნებულია, რომ მოზრდილებში (18-59 ასაკობრივ ჯგუფში) სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი BBIBP-CorV ერთი ან ორი დოზის დროს დაბალია.
- არაა დარწმუნებული, რომ ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის პრევენციისთვის 60 და ზემოთ ასაკის მოქალაქეებში.
- არ ენდობა მტკიცებულებებს, რომ ვაქცინის ორი დოზა ეფექტურია PCR– ით დადასტურებული COVID-19 პრევენციისთვის თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში.
თუმცა უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჯანმო დასკვნას გამოაქვეყნებს ვაქცინაზე – დადებითს ან უარყოფითს
მიუხედავად იმისა, რომ WHO-ს ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაცია დღეს, 4 მაისს დაიწყო. ამავე დღეს, ხსენებული ვაქცინით საჯაროდ აიცრა ამირან გამყრელიძე, “დაავადებათა კონტროლის ცენტრის” დირექტორი.