მექსიკაში მეტროს ესტაკადის ნაწილობრივ ჩამონგრევას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, 3 მაისს, გვიან ღამით მოხდა. Guardian წერს, რომ დაშავდა დაახლოებით 70 პირი. მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იშლება ესტაკადის ნაწილი და ქუჩაში მოძრავ მანქანებს ეცემა.
მეხიკოს მერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ესტაკადა დამხმარე ძელმა ვერ დაიჭირა, რის გამოც მისი ნაწილი ჩამოიშალა. მისივე თქმით, 65 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 7- მძიმე მდგომარეობაში.
მეხიკოს მეტრო სიდიდით მეორეა ჩრდილოეთ ამერიკაში ნიუ იორკის შემდეგ. 2019 წლის მონაცემებით, მეტროს სადგურები 1.6 მილიარდზე მეტ მგზავრს ემსახურება. Guardian-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში მეტროში ორი ასეთი შემთხვევა მოხდა. გასული წლის მარტში ერთ-ერთ სადგურზე ორი მატარაბელი შეჯახა ერთმანეთს, რამაც ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 41 დაშავდა. 2015 წელს კი ერთ-ერთი ვაგონი სადგურში არ გაჩერდა და სხვა მატარებელს შეეჯახა, რის გამოც 12 მოქალაქე დაშავდა.