ახალი ამბები

ფინანსური პრობლემების შემდეგ, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

1 მაისი, 2021 •
ფინანსური პრობლემების შემდეგ, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქის მმართველმა ორგანომ ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა. კრაშნიკის მერმა ეს გადაწყვეტილება ახსნა ქალაქის იმიჯის შელახვითა და ფინანსური სირთულეებით, რომელტაც მუნიციპალიტეტი ხსენებული დისკრიმინაციული ინიციატივის გამო გადააწყდა.

პოლონეთის 100-მდე მუნიციპალიტეტმა “ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად” თავი 2019 წელს გამოაცხადა. აღნიშნული ინიციატივა მმართველი კონსერვატიული პარტიის, “კანონისა და სამართლის” მიერ იყო მხარდაჭერილი, რომელიც საუბრობდა ამ “იდეოლოგიის” შეუთავსებლობაზე პოლონეთის რელიგიურ ფასეულობებთან. რეზოლუცია ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა.

ხსენებულ მუნიციპალიტეტებს შორის იყო კრაშნიკიც, თუმცა ის, ისევე როგორც სხვა ქალაქები, ანტი ლგბტ ინიციატივის გამო არაერთ პრობლემას გადააწყდნენ: 6 მათგანს ევროკავშირმა დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაფინანსებაზე უარი უთხრა, ნორვეგიამ კი თქვა, რომ მისი ფონდებიდან ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მიიღებენ პოლონეთის ის მუნიციპალიტეტები, რომლებმაც დისკრიმინაციულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

ყოველივე ამის შემდეგ, მიმდინარე კვირაში, კრაშნიკის მმართველმა საბჭომ რეზოლუცია უკან გაიწვია. “ევრონიუსის” ცნობით, კრაშნიკის მუნიციპალიტეტმა უკვე მეოთხედ სცადა ანტი ლგბტ ინიციატივის გაუქმება. ამჯერად, მცდელობა წარმატებით დამთავრდა: ინიციატივის გაწვევას დეპუტატთა უმრავლესობა მიემხრო.

“რეზოლუციის გაუქმება დაასრულებს სერიოზული კრიზისის პერიოდს, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ქალაქის იმიჯზე”, — წერს ფეისბუქზე კრაშნიკის მერი ვოიჩეხ ვილკი, რომელმაც მხარი დაუჭირა საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

ვილკი თავისი გადაწყვეტილების მიზეზებს შორის უშუალოდ ფინანსურ გარემოებებსაც ასახელებს.

“გასულ წელს მოვამზადეთ პროექტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 39 მილიონი ზლოტის მოპოვება ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. ფრანტი უნდა შემოვიდეს ნორვეგიული მექანიზმიდან. [თუმცა] მისი მოპოვების შესაძლებლობა ეჭვქვეშ იდგა ნორვეგიის მთავრობის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის კონტექსტში”, — წერს ქალაქის მერი.

ამასთან, ის ამბობს, რომ პოლონეთის კონსტიტუციით, უმცირესობების უფლებები გარანტირებულია და კრაშნიკიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ კანონმდებლობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი