ახალი ამბები

EU-მ პოლონეთის 6 ქალაქს დაფინანსებაზე უარი უთხრა ანტი-ლგბტ ინიციატივების გამო

31 ივლისი, 2020 • 1668
EU-მ პოლონეთის 6 ქალაქს დაფინანსებაზე უარი უთხრა ანტი-ლგბტ ინიციატივების გამო

ევროკავშირმა, დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებაზე უარი უთხრა პოლონეთის ექვს ქალაქს, რომელთა თვითმმართველობებიც თავიანთ თავს “ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფლად ზონებად” აცხადებენ. გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ევროკავშირის თანასწორობის კომისარმა დაადასტურა, რასაც პოლონეთის მთავრობისგან კრიტიკა მოჰყვა.

“ევროკავშირის ღირებულებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს წევრმა სახელმწიფოებმა და საჯარო მოხელეებმა პატივი უნდა სცენ. ამიტომაცაა, რომ არ დაკმაყოფილდა დაძმობილების აპლიკაცია ექვსი ქალაქის მიმართ, რომელთა ოფიციალურმა პირებმაც მიიღეს  “ლგბტ თავისუფალი ზონები” და “ოჯახის უფლებები” , – დაწერა ჰელენა დალიმ “ტვიტერზე”.

“ევრონიუსის” თანახმად, ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან €5 000-დან €25 000-მდე ოდენობის გრანტი მოითხოვეს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს პროექტს სამოქალაქო ჩართულობის გასაფართოებლად ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით. პროექტის ბიუჯეტის ჯამური მოცულობა €2.3 მილიონია.

ზემოხსენებულ ქალაქებს უარი უთხრეს პროგრამის პრინციპებთან თანხვედრაში არყოფნის გამო. პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა სოციალურ ქსელში გააკრიტიკა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ქვეყანა არავის მისცემს “პოლონეთის მოქალაქეებისა და ადგილობრივი მთავრობების დისკრიმინაციის” უფლებას. მისი თქმით, ევროკავშირმა “პატივი უნდა სცეს ყველა მოქალაქეს, რომელთაც უფლება აქვთ, თავიანთი აზრები და წარმოდგენები თავისუფლად გამოხატონ”.

პოლონეთის 80-მა მუნიციპალიტეტმა “ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად” თავი 2019 წელს გამოაცხადა. აღნიშნული ინიციატივა მმართველი კონსერვატიული პარტიის, “კანონისა და სამართლის” მიერ იყო მხარდაჭერილი. ევროპის პარლამენტმა გადაწყვეტილება იმთავითვე გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი