ახალი ამბები

ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო — მინისტრი

29 აპრილი, 2021 • 1133
ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო — მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკის 4%-იან ზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესის იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო.

საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად გასულ თვეს გაიზარდა, თუმცა პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა.

“რეალურად, პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ამასთან, ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო წლის დასაწყისში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი”, — აცხადებს მინისტრი.

დღეს, 29 აპრილს, საქსტატმა ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. გასული წლის მარტში კორონავირუსის გამო ქვეყნაში “ლოქდაუნი” იყო გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი