ნეტგაზეთი | კონგრესში ბაიდენის პირველი გამოსვლის მთავარი აქცენტები კონგრესში ბაიდენის პირველი გამოსვლის მთავარი აქცენტები – Netgazeti
RU | GE  

კონგრესში ბაიდენის პირველი გამოსვლის მთავარი აქცენტები

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით პირველად გამოვიდა.

ბაიდენმა ერთ საათზე ოდნავ მეტი ისაუბრა და ძირითადი ყურადღება შიდა პოლიტიკას დაუთმო — პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გაჯანსაღებას, „მწვანე“ ენერგიას, რასიზმის პრობლემას და ა.შ. თუმცა, ასევე, ისაუბრა ჩინეთსა და რუსეთზეც.

პრეზიდენტის წლევანდელი მიმართვა, კორონავირუსის გამო, ოდნავ განსხვავებული იყო — სხდომათა დარბაზში მხოლოდ 200 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო კონგრესის დანარჩენი წევრები და სხვა პირები გამოსვლას თვალს დისტანციურად ადევნებდნენ. გარდა ამისა, ისტორიაში პირველად, პოდიუმის უკან, სადაც პრეზიდენტი გამოდის, ორი ქალი — აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ისხდნენ.

ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და სპიკერი პელოსი. ფოტო: EPA

რა თქვა ბაიდენმა?

ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება: ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა „მწვანე ენერგიის“ ინიციატივაზე ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ადგილების შექმნის გეგმის ფარგლებში. პრეზიდენტის თქმით, ამ გეგმებმა მომავალ წლებში ეკონომიკის რესტრუქტურიზაციას უნდა დაუდოს სათავე. ამასთან ერთად, გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ბაიდენმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის სათბურის აირების განახევრება სურს.

საგარეო პოლიტიკა, რუსეთი და ჩინეთი

ჩინეთი: პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია შეებრძოლება ჩინეთის „არასამართლიან საერთაშორისო ვაჭრობის პრაქტიკას“ და აღუდგება ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების მოპარვას. ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეატყობინა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები კვლავ დარჩებოდნენ წყნარი ოკეანის რეგიონში, ისევე, როგორც ევროპაში, „არა კონფლიქტის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად“. მანვე პირობა დადო, რომ ჩინეთს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო პასუხისგება მოუწევდა.

რუსეთი: ბაიდენის თქმით, აპირებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვის ქმედებებისთვის პასუხი მოსთხოვოს. „კარგად ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ ესკალაცია არ გვსურს, თუმცა მათ მოქმედებებს რეაგირება მოჰყვება“, — თქვა მან. ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევებს პროპორციულად უპასუხა და დასძინა, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შეეძლოთ თანამშრომლობა „საერთო ინტერესის არსებობის შემთხვევაში“.

შიდაეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა

ეკონომიკა და სოციალური პროგრამები: 46-ე პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო ეკონომიკის აღორძინების გეგმებსაც, კერძოდ, 2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ გეგმას და ახლახან წარდგენილ გეგმას სტუდენტებისთვის, ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის, რომლის ღირებულებაც 1.8 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს. „ეს-ენ-ბი-სი-ს“ ცნობით, ამგვარად ბაიდენს სურს შეინარჩუნოს ეკონომიკის ზრდა, რომელიც პანდემიის გამო მიღებული ფინანსური დახმარებისა და ეკონომიკის სტიმულირების ზომების მიღების შემდეგ დაიწყო. ბაიდენმა აქვე ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც მოთხოვნა ვაქცინაციაზე ოდნავ დაეცა.

რასობრივი სამართლიანობა და პოლიცია: პოლიციის მიერ შავკანიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი ძალადობის ახალი შემთხვევების ფონზე, ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წლისთავამდე პოლიციის რეფორმირების კანონმდებლობა მიეღო. ბაიდენის განცხადებით, სადაზვერვო სააგენტოებმა დაადგინეს, რომ აშშ-ში „ყველაზე ლეტალური ტერორისტული საფრთხე “თეთრკანიანთა უპირატესობის მოძრაობის” ტერორიზმისგან მოდის“.

მინიმალური ხელფასის ზრდა: ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, ფედერალური მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარამდე გაეზარდა [ამჟამად ფედერალური მინიმალური ანაზღაურება საათში 7.25 დოლარს შეადგენს]. „არავინ უნდა მუშაობდეს 40 საათს კვირაში და მაინც იყოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

გადასახადები: პრეზიდენტის თქმით, უმდიდრესმა ამერიკელებმა გადასახადების სახით უფრო მეტი უნდა გადაიხადონ ბიუჯეტში. ბაიდენის განცხადებით, „არავის დასჯას არ აპირებს“, მაგრამ „არ აპირებს [იმის დაშვებას, რომ] დამატებითი საგადასახადო ტვირთი საშუალო კლასს დააწვეს, რომელიც ისედაც საკმარისს იხდის“. მისი შეფასებით, უმდიდრესი ამერიკელებისთვის გადასახადების ზრდა „სამართლიანია“ და „ფისკალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს“. ბაიდენის გეგმით, მაქსიმალური საგადასახადო განაკვეთი უმდიდრესი ამერიკელებისთვის 39.6 პროცენტის დონეზე უნდა განისაზღვროს, ხოლო ხარვეზები, რომელიც გადასახადების გადახდისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა, გამოსწორდეს.

ცეცხლსასროლი იარაღი: ბაიდენმა მოუწოდა კანონმდებლებს, მიეღოთ ზომები „აშშ-ში იარაღით ძალადობის შავი ჭირის“ ეპიდემიის წინააღმდეგ. მან თქვა, რომ „ამერიკელი ხალხის დასაცავად ყველაფერს გააკეთებდა“, თუმცა აღნიშნა, რომ კონგრესსაც უნდა ემოქმედა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს დემოკრატებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ლგბტქ+ თემის მხარდაჭერა: „ყველა ტრანსგენდერ ამერიკელს, რომელიც ახლა მიყურებს — განსაკუთრებით ახალგაზრდებს — მსურს იცოდეთ, რომ პრეზიდენტი თქვენთან დგას და მხარს გიჭერთ“, — განაცხადა ბაიდენმა.

ჯანდაცვა, ვაქცინაცია და პანდემია

ვაქცინაცია: ბაიდენმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც მოთხოვნა ვაქცინაციაზე ოდნავ დაეცა. მან ამერიკელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკელთა 90% პროცენტი ვაქცინაციის პუნქტისგან 8 კილომეტრის [5 მილის] დაშორებით ცხოვრობდა („ეს-ენ-ბი-სი“ წერს, რომ აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 54.5%-ს ვაქცინის ერთი, ხოლო 37.8%-ს ორი დოზა აქვს მიღებული).

ჯანდაცვა: ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, ნაბიჯები გადაედგა რეცეპტიანი წამლების ფასების შესამცირებლად. მისი თქმით, პროგრამა „Medicare“-ის ფარგლებში უნდა გაჩნდეს ფარმაცევტულ კომპანიებთან ფასებზე მოლაპარაკებების პირდაპირი მექანიზმი. „ეს-ენ-ბი-სი“ წერს, რომ მოლოდინის თანახმად ამ ნაბიჯმა მომხმარებლებისთვის ფასები უნდა შეამციროს და სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგოს.

კრიტიკა

რესპუბლიკური პარტიის პასუხში ბაიდენის გამოსვლაზე, რომელიც ამჯერად სენატორმა ტიმ სკოტმა [სამხრეთ კაროლინა] გაახმიანა, ბაიდენი გააკრიტიკეს „სოციალისტური ოცნებებისთვის“ და კონგრესის გაყოფაში დაადანაშაულეს. „პრეზიდენტი, რომელიც გაერთიანებას გვპირდებოდა, არ უნდა მისდევდეს დღის წესრიგს, რომელიც გვყოფს“, — განაცხადა სკოტმა.

კრის კრისტიმ, ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა და 2024 წელს პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, ბაიდენის გამოსვლა შეადარა „15 წლის თინეიჯერს, რომელსაც ულიმიტო საკრედიტო ბარათს აძლევენ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com