ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “კომენდანტის საათის” მოხსნის წინადადებას დააყენებს იმ შემთხვევაში, თუ პირაბდის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 95%-მდე გაიზრდება.
“ვადასტურებ, რომ ტრანსპორტი და მაღაზიები არის პრობლემა, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. საათი რომ გადავწიოთ 22:00 საათზე, მაშინ 20:00 საათზე იქნება იგივე მდგომარეობა როგორც ტრანსპორტში, ასევე მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები ცოტა სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ და არ ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ “კომენდანტის საათი” არ არის ჩვენი პრობლემა. პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს”, — განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებლის 95%-ზე ასვლის შემთხვევაში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო უახლოეს პერიოდში განიხილავს “კომენდანტის საათის” მოხსნას.
“კოეფიციენტს დღესდღეობით ვერ დავასახელებთ, ვინაიდან აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს. მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო და ვთვლი, რომ არის სრულიად უსაფრთხო, ეს არის პირბადე. თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას 95%-მდე ავიყვანთ, ეს მოგვცემს გარანტიებს, რომ უახლოეს მომავალში საბჭომ, ჩემი ინიციატივით, დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ “კომენდანტის საათი” რაც შეიძლება ადრე მოვხსნათ. თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები — თქვენ გეხერხებათ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია — ჩვენ დაგეხმარებით თქვენ თავისუფლების აღდგენაში”, — მიმართა ტიკარაძემ “გირჩის” ლიდერ იაგო ხვიჩიას.
სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 63%-ია. ეს მონაცემი 27 აპრილს 85%-მდე იყო გაზრდილი.
საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 45-დან 81%-მდე გაიზარდა – IHME-ს მოდელირება