ახალი ამბები

საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 45-დან 81%-მდე გაიზარდა – IHME-ს მოდელირება

27 აპრილი, 2021 • 877
საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 45-დან 81%-მდე გაიზარდა – IHME-ს მოდელირება

ამ დროისთვის საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 81 პროცენტამდეა გაზრდილი. ეს მონაცემი ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს.

უახლესი “დაკვირვების” შედეგად მიღებული მონაცემი, რომელიც ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირებაშია ნაჩვენები, 2021 წლის 15 აპრილით თარიღდება. ამ დღეს, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში ნიღაბს მოსახლეობის 81 პროცენტი ატარებდა.

IHME-ს მოდელირება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნიღბების ტარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამჟამად ფიქსირდება

შედარებისთვის, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ნიღაბს მოსახლეობის მხოლოდ 45 % ატარებდა.

აღნიშნული მოდელირების მიხედვით, მსოფლიოში ნიღბების ტარების საშუალო მონაცემი, ამჟამად 64 პროცენტია.

ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ნიღბების ტარება საქართველოში 95 პროცენტს მიაღწევდა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ვირუსის მსგავსი გავრცელების პირობებში, ივლისის ბოლოსთვის დღეში 0.48-დან 2.24 გარდაცვლილამდე იქნებოდა.


ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის ახალი კორონავირუსის პროექცია არის საჯარო წვდომის მოდელირება, რომლის ნახვაც ინსტიტუტის ვებ-გვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროექტი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენებს ვირუსის გავრცელების, გარდაცვალებათა, ინფიცირებულთა და შესაძლო ინფიცირებულთა მოსალოდნელ მაჩვენებლებს.

წარსულში მოდელირება ითვლიდა მოვლენათა განვითარებას სამი სხვადასხვა სცენარის პირობებში. მათ შორის:

  1. ამჟამინდელი პროექციის სცენარი, რომლის დროსაც ივარაუდება, რომ სოციალური დისტანცირების რეგულაციები განაგრძობს შემცირებას, თუმცა ხელახლა იქნება შემოღებული ექვსი კვირის განმავლობაში, თუ დღიური გარდაცვალებათა ზღვარი მიაღწევს 8-ს ყოველ მილიონ ადამიანზე;
  2. შეზღუდვების გამარტივების სცენარი, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვები გამარტივდება და აღარ დაბრუნდება არცერთ შემთხვევაში;
  3. ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარი, რომლის დროსაც ივარაუდება, რომ მოსახლეობის მიერ ნიღბების გამოყენება ფართოდ და ეფექტიანად დაინერგება, მიაღწევს 95%-ს მომდევნო შვიდ დღეში, სოციალური დისტანცირების მოთხოვნები განაგრძობს გამარტივებას, თუმცა თავიდან დაწესდება მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, თუ დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მიაღწევს 8 გარდაცვლილს ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ამჟამად კი არსებობს ისევ სამი სცენარი, თუმცა შეზღუდვების გამარტივების დაშვება შეიცვალა მოვლენათა “ყველაზე ცუდი” განვითარების სცენარით, ასევე შეიცვალა ამჟამინდელი პროექციისა და ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარების მნიშვნელობა.

დღეს მოდელირება ითვლის შემდეგ სცენარებს:

  1. “ამჟამინდელი პროექციის” სცენარის დროს, გათვალისწინებულია, რომ ვირუსის ახალი შტამების გავრცელება იმეორებს მისი გავრცელების ტემპებს ბრიტანეთში, ვაქცინაცია დაგეგმილი ტემპებით მიმდინარეობს და ნიღბების გამოყენება რჩება იმავე ნიშნულზე, რაც დღესაა;
  2. “ყველაზე ცუდი” სცენარის დროს, მომდევნო 21 დღის მანძილზე ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამები ვრცელდება იმ ადგილებშიც, სადაც აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული ადგილობრივი გადადება, ვაქცინაცია მიმდინარეობს დადგმილი ტემპებით, თუმცა ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ, ნიღბების გამოყენების მონაცემი ვაქცინირებულ მოსახლეობაში იკლებს;
  3. “ნიღნების საყოველთაო გამოყენების სცენარი”, რაც იგივეა, რაც ამჟამინდელი პროექციის სცენარი, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ნიღბებს მოსახლეობის 95% იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი