ახალი ამბები

ნიღბების ტარება თებერვლის პიკისას ინფიცირებას გაანახევრებს – IHME-ს პროექცია საქართველოზე

14 იანვარი, 2022 • 1941
ნიღბების ტარება თებერვლის პიკისას ინფიცირებას გაანახევრებს – IHME-ს პროექცია საქართველოზე

სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირების თანახმად, თებერვლის თვის პირველ 10 დღეში საქართველოში საშუალო დღიური მიახლოებითი ინფიცირება 60 000-ს შემთხვევას მიაღწევს. თუმცა, თუ მოსახლეობის 80 პროცენტი პირბადეებს ატარებს, ეს რიცხვი თითქმის განახევრდება.

მიახლოებითი ინფიცირება განსხვავდება დადასტურებული ინფიცირების მონაცემისგან და გულისხმობს კორონავირუსის ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანს აქვს ვირუსული ინფექცია, თუმცა მას ტესტი არ აქვს ჩატარებული და ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ ხვდება.

მიახლოებითი ინფიცირების მონაცემზე გავლენას ახდენს მობილობის გაზრდილი მაჩვენებელი, სოციალური დისტანციის წესების შესუსტება, სეზონური გადამდები დაავადებები, პირბადეების ტარების შემცირება და გაზრდილი საზოგადოებრივი აქტივობა. ასევე, კორონავირუსის ახალი ვარიანტის – ომიკრონის გავრცელება.

IHME-ს თანახმად, პირველიდან ათ თებერვლამდე საშუალო მიახლოებითი ინფიცირება თითქმის 60 000-62 000 იქნება, თუმცა, უარეს შემთხვევაში, ეს რიცხვი, შესაძლოა, დღიურად დაახლოებით 114 000-იც კი იყოს, უკეთეს შემთხვევაში კი- თითქმის 12 500.

მოდელირების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 80 პროცენტი სისტემატურად ატარებს ნიღბებს, ინფიცირების საერთო მიახლოებითი მაჩვენებელი, ნაცვლად 60 ათასისა, 30-34 ათასი იქნება.

თებერვლის პიკის დროს ნიღბების ტარება ინფიცირების შემთხვევებს თითქმის ანახევრებს. 

ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ნიღაბს საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტი ატარებს. პროექციის მიხედვით, თებერვალშიც მსგავსი მონაცემები შენარჩუნდება.

საქართველოში არსებული ამჟამინდელი რეგულაციით, ნიღბების ტარება დახურულ და ღია საჯარო სივრცეებში სავალდებულოა.

14 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების 46 309 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში  984,802 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 14,395 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი