ახალი ამბები

“საფარი” ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეში დედის ჩართვას ითხოვს

28 აპრილი, 2021 •
“საფარი” ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეში დედის ჩართვას ითხოვს

ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეში ერთვება კავშირი “საფარი”. ორგანიზაცია გარდაცვლილი მოზარდის დედის, მერი ცეცხლაძის ინტერესებს წარმოადგენს. ამის შესახებ “საფარის” იურისტმა თამარ ლუკავამ დღეს, 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იურისტის თქმით, საქმის ზედამხედველ პროკურორს ორგანიზაციამ დღეს უკვე მიმართა წერილობით და მოითხოვა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გარდაცვლილის დის ნაცვლად ნინი ცეცხლაძის დედას მიენიჭოს.

“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეზე, თამარ ცეცხლაძეზე [გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის და], სავარაუდოდ, ზეწოლა მიმდინარეობს სხვადასხვა პირთა წრის მხრიდან. შესაბამისად, ის ვერ ახორციელებს უფლებამონაცვლის სტატუსით ისეთ სარგებლობას, რომელიც საჭიროა ასეთი ტიპის საქმეებში.

სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს თვალი მიადევნოს, ამ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენად ობიექტურად წარიმართება გამოძიება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი დაზარალებულის დედას, მერი ცეცხლაძეს მიენიჭოს, ვინაიდან ის მზად არის საქმეზე ბოლომდე გააგრძელოს ბრძოლა და მოითხოვოს ყველა იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც არ ჩატარებულა, და ასევე ყველა იმ პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება, ვისზეც გამოჩნდება დანაშაულის ნიშნები”, — განმარტა იურისტმა.

ქობულეთში 14 წლის ნინი ცეცხლაძემ 2021 წლის თებერვალში თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე მისი გაუპატიურების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების ცენტრი” [PHR] იცავდა, თუმცა 2 აპრილს ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც PHR 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს მისი დის, თამარ ცეცხლაძის “მოულოდნელი გადაწყვეტილებით” ჩამოშორდა.

ინტერვიუ 14 წლის ნინის სოცმუშაკთან, რომელიც მას პოლიციაში გამოკითხვაზე ახლდა

მასალების გადაბეჭდვის წესი