ახალი ამბები

“გამიჭირდება იმ პარლამენტში შესვლა, სადაც ყველა მოძალადის შეწყალება მოხდება” – მელია

27 აპრილი, 2021 • 903
“გამიჭირდება იმ პარლამენტში შესვლა, სადაც ყველა მოძალადის შეწყალება მოხდება” – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ იმ პარლამენტში, სადაც “ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება მოხდება”, შესვლა გაუჭირდება. ამის შესახებ მან “ტვ პირველს” განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს და ამით “გადარჩენის შანსი” დაიტოვოს.

“დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, არათუ არცერთ მოძალადეს, არამედ ყველა მოძალადეს და ჯალათს, ყველას, ვინც ერთხელ მაინც ისროლა და იძალადა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, ყველას ჩაწერს კანონპროექტში. მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია ახლა რას ამბობს, მოგვეწონება თუ არა. ოპოზიცია იძულებული იქნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. იმიტომ, რომ ისეთ მოძალადეებს ჩაუწერენ იქ, არც ჩამკეტს დააყენებენ, არც დაზარალებულთა თანხმობას ჩაწერენ. ვერც ვერავინ გაამტყუნებს “ქართულ ოცნებას”, იტყვის, რომ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი, რის თანახმადაც ყველაზე უნდა გავრცელდეს შეთანხმება და ეს ასე წერია და რაც მართალია, მართალია. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია იმას მაინც მოვახერხებთ, რომ კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას, რომ შანსი დაგვრჩეს გადარჩენის”, — განაცხადა მელიამ.

როგორც მელია ამბობს, მას ევროკავშირის გირაო ამნისტიასთან ერთად შესთავაზეს და სწორედ ამიტომ იყო მათ გირაოზე წინააღმდეგი. მისი თქმით, ის, რომ შარლ მიშელმა დადო დოკუმენტი, არ ნიშნავდა, რომ ამას ოპოზიცია ამნისტიის ნაწილს უნდა დათანხმებოდა. მისი თქმით, თავად ამის საქმის კურსში არ ყოფილა.

“შემოთავაზება ჩემთვის იყო, რომ 20 აპრილს, 3 საათზე სასამართლო ჩატარდებოდა და ვალდებულება უნდა ამეღო, რომ ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა[…] ძალიან დიდი უსამართლობა არის, როდესაც მეუბნებიან, რომ გირაო რატომ არ ჩაარიცხინე და ამავე დროს ამნისტიაზე თანხმობა რატომ არ განაცხადეო. ეს ორივე ერთად იყო კომბინაციაში”, – განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, შევა თუ არა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში, მელია პასუხობს:

“იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე, პირადად, გამიჭირდება იქ შესვლა. 99,9% მე იქ ვერ შევალ და არ შევალ”, — განაცხადა მელიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი