პარლამენტარ სალომე სამადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო, ქვეყანაში კრიზისი არ დასრულდება, სანამ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.
“ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო”, — განაცხადა სამადაშვილმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური დევნის საკითხი დაიხურება და შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა ხელი, საქართველოში პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ქვეყანა კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების დაწყებას შეძლებს.
სამადაშვილმა ასევე ისაუბრა ამინისტიის კანონოპროექტზეც და განაცხადა, რომ ამ საკითხის გარშემო უნდა მოეწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია:
“ვერასდროს და ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს [20 ივნისს] მოხდა. როდესაც ჩვენი ქვეყნის ღირსება ასობით ათასმა მოქალაქემ დაიცვა. ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად გავაძევეთ გავრილოვი. და, სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როდესაც ამ დარბაზში იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად.
მაგრამ ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, ტკივილს და, როგორც საზოგადოებამ, შევძლოთ, რომ წინ წავიდეთ. თუმცა წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ძალიან ფართო საზოგადოებირივი დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე. ეს არის ჩემი პოზიცია. თუმცა, ცხადია, ჩვენ ვიცავთ იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ”, — განაცხადა სამადაშვილმა.
დღეს, 27 აპრილს, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შედეგად მიიღო. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმებაში ჩამოთვლილი პუნქტები პარლამენტში შესასვლელად საკმარისი არ არის და ბოიკოტს კვლავ აგრძელებს.