ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო მოითხოვს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვას

27 აპრილი, 2021 •
ბაქო მოითხოვს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვას

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დასახურად მობილიზაცია მოსთხოვა.

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის რისკების შესახებ აზერბაიჯანის საგარეომ ჩერნობილის კატასტროფის 35 წლისთავისადმი გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა.

“საფრთხეები, რომელიც დაკავშირებულია სომხეთში მეწამორის ატომურ ელექტროსადგურთან, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყველა მხრივ უნდა იყოს განხილული. ეს სადგური აშენებულია 1976-1980 წლებში იმავე ტექნოლოგიებით, რა ტექნოლოგიითაც იყო აშენებული ჩერნობილი და ის განთავსებულია სეისმურ ზონაში. მოძველებული ტექნოლოგია და ადგილმდებარეობა მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშ სადგურად ქმნის. ის სეროზულ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეოს განცხადებაში.

შესაბამისად, უწყება მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოებითა და ეკოლოგიის საკითხებით დაკავებულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, ასევე რეგიონის ქვეყნებს, სთხოვს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დასახურად ძალისხმევა არ დაიშურონ.


ერევნიდან 35 კილომეტრში მდებარე მეწამორის ატომური ელექტროსადგური წლების განმავლობაში განხილვის საგანს წარმოადგენს სომხეთს ფარგლებს გარეთ. თურქული მხარე რეგულარულად გამოხატავს შეშფოთებას და უკმაყოფილებას იმის გამო, რომ სომხეთში ატომური ელექტროსადგური თურქეთის საზღვრიდან არც ისე შორს მდებარეობს. ამ კრიტიკას საერთაშორისო დონეზე რეგულარულად უერთდება აზერბაიჯანიც.

რამდენიმე თვის წინ ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშით დაემუქრა.

რას უნდა ველოდეთ სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე დაპირისპირებიდან – ხედვა სომხეთიდან

სომხეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქვეყანას ნაკლები კი არა, უფრო მეტი ატომური ენერგია სჭირდება. ატომური ელექტროსადგურის გარეშე, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, სომხეთის ენერგოსისტემა ძალიან მოწყვლადი გახდება, ასევე გაიზრდება დამოკიდებულება ბუნებრივი აირის მომწოდებელ ქვეყნებზე, პირველ რიგში, რუსეთზე, რომელსაც გაზის ფასზე ულტიმატუმების დაყენება შეუძლია.

კიდევ ერთი არგუმენტი ატომური სადგურის ფუნქციონირების სასარგებლოდ ის არის, რომ სადგური დღეს სომხეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ატომური სადგურის მიერ ენერგიის დღიური გამომუშავება დაახლოებით ქვეყნის მშპ-ს 0.6%-ია, თუმცა წინა წლებში [1996-2002] ეს წილი მეტი იყო და 2.0-2.8%-ში მერყეობდა, 2005-2016-ში კი -დაახლოებთ 1%.

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე რეაქტორისგან განსხვავდება და უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა. ჩერნობილის ელექტროსადგურზე გამოიყენებოდა რეაქტორი РБМК, სომხეთის სადგურზე კი – ВВЭР- 440 [ენერგეტიკული რეაქტორი], რომელსაც უსაფრთხოების 4 ბარიერი აქვს, უკეთესადაა შესწავლილი და მისი ექსპლუატაციის პერიოდიც შედარებით უსაფრთხოდ გრძელდება. ასეთი ატომური ელექტროსადგურები არსებობს სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, ფინეთში, უკრაინასა და რუსეთში, მათი უფრო მძლავრი ვერსიები, ასევე, არსებობს და შენდება კიდეც ბულგარეთში, ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, თურქეთში, ბანგლადეშსა და ბელარუსში.

ოფიციალური პარამეტრების მიხედვით, რეაქტორის დაზიანების რისკი ამჟამად დიდი არ არის.

1993 წელს სომხეთში დაფუძნდა სააგენტო ატომური ენერგიის რეგულაციის საკითხებზე, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული რეაქტორის დაზიანების რისკების მონიტორინგს აწარმოებს.

ატომური ენერგიის მომავალი სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი