ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ატომური ენერგიის მომავალი სომხეთში

11 დეკემბერი, 2019 • 7251
ატომური ენერგიის მომავალი სომხეთში

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, მკვლევარი, ერევანი


ხედვა სომხეთს გარეთ

ერევნიდან 35 კილომეტრში მდებარე მეწამორის ატომური ელექტროსადგური წლების განმავლობაში განხილვის საგანს წარმოადგენს სომხეთს ფარგლებს გარეთ. თურქული მხარე რეგულარულად გამოხატავს შეშფოთებას და უკმაყოფილებას იმის გამო, რომ სომხეთში ატომური ელექტროსადგური თურქეთის საზღვრიდან არც ისე შორს მდებარეობს. ამ კრიტიკას საერთაშორისო დონეზე რეგულარულად უერთდება აზერბაიჯანიც. საქართველოში მეწამორის ატომურ ელექტროსადგურის თემა საზოგადოებრივი დისკურსის მიღმაა, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრობლემას, როგორც წესი, მაინც განიხილავენ კრიტიკისა და შეშფოთების კონტექსტში.

რეაქტორის ბედი არც ევროკავშირისთვისაა სულერთი – ჩერნობილის გამოცდილებით, გაუთვალისწინებელ ვითარებაში არაკონტოლირებადი სიტუაციის განვითარების რისკი არსებობს. 

ევროკავშირის მაღალჩინოსნები სომხეთს ატომური სადგურის დახურვისკენ მოუწოდებენ. მრავალმხრივი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებით ევროკავშირთან (CEPA) სომხეთმა ვალდებულება აიღო უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მეწამორში სადგურის დახურვაზე. 

საერთაშორისო მედიაში მეწამორს ხშირად მოიხსენიებენ “მსოფლიოში ყველაზე საშიშ ატომურ რეაქტორად”. ეს, რა თქმა უნდა, სომხეთის მოქალაქეებში და მთლიანად რეგიონში საფრთხის განცდას ქმნის. 

თითქოს პასუხიც ნათელია: ატომური სადგური უნდა დაიხუროს და დაივიწყონ, როგორც  “ცუდი სიზმარი”. მაგრამ ასე არ ხდება. წარსულში სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უგულებელყო ევროკავშირის შემოთავაზება მისივე ფინანსური მხარდაჭერით სადგურის დახურვის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, არც ახლა აპირებს მის დახურვას. რატომ?

[red_box]ხედვა სომხეთიდან[/red_box]

სომხეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქვეყანას ნაკლები კი არა, უფრო მეტი ატომური ენერგია სჭირდება. ნებისმიერი საუბრები ატომური ელექტროსადგურის შესახებ ადამიანებს 1990 -იანი წლების პირველ ნახევარს ახსენებს ხოლმე, როდესაც გამორთული ატომური სადგურის პირობებში ქვეყანაში ურთულესი ენერგეტიკული კრიზისი შეიქმნა.

დღეს ატომური ელექტროსადგურის ჰიპოტეტური გამორთვაც კი შეიძლება კომპენსირებული იყოს: საჭიროა მეტი ბუნებრივი აირის იმპორტი, რომელსაც სითბურ ენერგიად გარდაქმნი, თუმცა ამ ენერგიის გამომუშავება 4-5ჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია. თუმცა მოქალაქეებში არსებობს განცდა, რომ ასეთ შემთხვევაში, სომხეთი გახდება უფრო მეტად დამოკიდებული და მოწყვლადი.

1990-იანი წლების განმავლობაში საქართველოს გაზ-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც სომხეთი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებდა, მრავალჯერ გამოსულა მწყობრიდან, მათ შორის გაზსადენზე აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიების გამოც, განსაკუთრებით,1993 წელს. 

ატომური ელექტროსადგურის გარეშე, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, სომხეთის ენერგოსისტემა ძალიან მოწყვლადი გახდება, ასევე გაიზრდება დამოკიდებულება ბუნებრივი აირის მომწოდებელ ქვეყნებზე, პირველ რიგში, რუსეთზე, რომელსაც გაზის ფასზე ულტიმატუმების დაყენება შეუძლია. 

კიდევ ერთი არგუმენტი ატომური სადგურის ფუნქციონირების სასარგებლოდ ის არის, რომ სადგური დღეს სომხეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ატომური სადგურის მიერ ენერგიის დღიური გამომუშავება დაახლოებით ქვეყნის მშპ-ს 0.6%-ია, თუმცა წინა წლებში [1996-2002] ეს წილი მეტი იყო და 2.0-2.8%-ში მერყეობდა, 2005-2016-ში კი -დაახლოებთ 1%. 

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ატომურ სადგურს უშუალო გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე, უმთავრესად კი, ენერგეტიკაზე – 2000 -იან წლებში ატომური ელექტროსადგური სომხეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს იძლეოდა. ბოლო ათი წელია კი- დაახლოებით  მესამედს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. 

გრაფიკა: სომხეთში ელექტროენერგიის გამომუშავების სტრუქტურის დინამიკა 1970-2018 წლებში

ჩამოთვლილის გარდა, სომხეთის ატომური სადგური ქვეყნის პრესტიჟთან დაკავშირებულ საკითხად მიიჩნევა.

ჯერ კიდევ ბოლო დრომდე სომხეთი რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ატომური სადგური ჰქონდა. ბოლო წლებში ატომური სადგური ბუშერაში ირანმა გახსნა, ატომურ სადგურს, “აქქიუიუს”, თურქეთიც აშენებს, რაც რა თქმა უნდა, მეწამორის სადგურს ექსკლუზიორობას უკარგავს, თუმცა, ამის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიაში სხვა ატომური სადგურები ჯერ არ არსებობს. 

ამიტომაც სომხეთში არა მხოლოდ მხარს უჭერენ მისი ექსპლუატაციის გაგრძელების იდეას, არამედ ახალი ატომური ელექტროსადგურის ან მინიმუმ ამავე სადგურის ახალი რეაქტორის აშენებას. მით უმეტეს, პარლამენტმა ჯერ კიდევ ათი წლის წინ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება – ახალი რეაქტორი სომხეთის ბირთვულ სტატუსს გაამყარებდა, ასევე, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე: აზერბაიჯანთან ან თურქეთთან ჰიპოთეტური ომის შემთხვევაში, მსოფლიოს ყურადღება რეგიონის მიმართ გაიზრდება.

ატომური ენერგიის ექსპლუატაციის შესახებ პოზიციაზე ხელისუფლების ცვლილებამაც ვერ იქონია გავლენა. ქვეყანაში ატომური ენერგიის საჭიროებაზე 2017 წელს პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი საუბრობდა, 2019 წლის სექტემბერში კი მსგავსი პოზიცია ახალი ხელისუფლების ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა [სომხეთის მთავრობაში ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი] სურენ პაპიკიანმაც გაახმიანა. 

[blue_box]რამდენად სერიოზულია სიტუაცია მეწამურის სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით[/blue_box]

იმის გათვალისწინებით, რომ მეწამორის ელექტროსადგური სადისკუსიო საკითხია, ინფორმაციული ფონი მის გარშემო არაერთგვაროვანია. უარყოფითი შეფასებების ძირითადი წყარო თურქეთია, რომელსაც სადგურის საკითხის მანიპულირებით სომხეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მცდელობა აქვს. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მსგავს სერიოზულ რისკებს ვერ ხედავენ. იმისთვის, რომ გავიგოთ, რეალურად რამდენად უსაფრთხოა ატომური სადგური, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. 

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებული რეაქტორის ექსპლუატაციის ვადა არა 43 [როგორც გავრცელებულია ინფორმაცია], არამედ 33 წელია. პირველი რეაქტორი 1976 წელს ჩაეშვა, მეორე – 1980 წელს. 1989 წლის დასაწყისში, ჩერნობილზე და სპიტაკში მიწისძვრის შემდგომ, სადგური გაჩერდა. 1995 წლის ბოლოს მეორე რეაქტორი კვლავ ჩაეშვა და 1996 წლიდან კვლავ დაიწყო მუშაობა, მაგრამ დადგენილი სიმძლავრის 92% -ით. ამგვარად, მეორე, არსებული რეაქტორის რეალური სამუშაოს პერიოდი 33 წელს ითვლის. 

მეორე- სომხეთის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე რეაქტორისგან განსხვავდება და უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა. ჩერნობილის ელექტროსადგურზე გამოიყენებოდა რეაქტორი РБМК, სომხეთის სადგურზე კი –  ВВЭР- 440 [ენერგეტიკული რეაქტორი], რომელსაც უსაფრთხოების 4 ბარიერი აქვს, უკეთესადაა შესწავლილი და მისი ექსპლუატაციის პერიოდიც შედარებით უსაფრთხოდ გრძელდება. ასეთი ატომური ელექტროსადგურები არსებობს სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, ფინეთში, უკრაინასა და რუსეთში, მათი უფრო მძლავრი ვერსიები, ასევე, არსებობს და შენდება კიდეც ბულგარეთში, ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, თურქეთში, ბანგლადეშსა და ბელარუსში.

მესამე- ჩვენთვის ცნობილი პარამეტრების მიხედვით, რეაქტორის დაზიანების რისკი ამჟამად დიდი არ არის. 

1993 წელს სომხეთში დაფუძნდა სააგენტო ატომური ენერგიის რეგულაციის საკითხებზე, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული რეაქტორის დაზიანების რისკების მონიტორინგს აწარმოებს. 

2010 წელს რეაქტორის დაზიანების რისკი 10 000 წელზე ორ შემთხვევას შეადგენდა, რაც არასაკმარისად იყო მიჩნეული. მაგალითად, აშშ-ში ეს რისკი შეადგენდა 50 000 წელზე 2 შემთხვევას, რეკომენდაციები კი მაშინ სომხეთისთვის ასეთი იყო – რისკის ორჯერ შემცირება. რისკის ძირითად კომპონენტს კი სეისმური აქტივობა წარმოადგენს: იმის მიუხედავად, რომ რეაქტორი ამ რისკის გათვალისწინებით არის შემუშავებული, სომხეთისთვის არ არის იშვიათი ძალიან ძლიერი მიწისძვრა. 

ბოლო ათი წლის განმავლობაში ატომურ ელექტროსადგურზე მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების დონის ასაწევად სამუშაოებიც ჩატარდა, მათ შორის- ევროკავშირის მხარდაჭერით. შედეგად, რეაქტორის დაზიანების რისკი მიწისძვრის დროს 7.5- ჯერ შემცირდა, თუმცა სადგურის შიდა ფაქტორები პირველ პლანზე გამოვიდა, 2015 წლის შემოწმების შესაბამისად, მთლიანი რისკი ორჯერ შემცირდა და 10 000 წელზე 0.93 შემთხვევა დადგინდა.  თუკი შევაჯამებთ სხვადასხვა ფაქტორის გამო კატასტროფის შესაძლებლობებს, ეს სურათი ასე გამოიყურება: 

გრაფიკა 2. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მეწამორის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დაზიანების რისკებს ქმნის.

მეოთხე- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ (IAEA) სადგურის უკანასკნელმა შემოწმებამ 2015 წელთან შედარებით უსაფრთხოების დონის ზრდა აჩვენა. ამჟამად სადგურს მინიჭებული აქვს 4- ბალიანი შკალით 3.82 ბალი. ძირითადი გაუმჯობესება რადიოაქტიური ნარჩენების მართვას შეეხება. 

ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ რისკი მინიმალურია. ირანის ენერგოსისტემაში ზაფხულში ძაბვის ცვლილებამ მთელი სომხეთი სინათლის გარეშე დატოვა. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ატომურ სადგურზე, მაგრამ რამდენად შეიძლება მომავალში მსგავსი ინციდენტებისგან დაცვა? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთის ენერგოსისტემა უახლოეს მომავალში უფრო აქტიურად უნდა ინტეგრირდეს საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან, ეს კიდევ ახალ რისკებს აჩენს.

გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი ინციდენტების მაგალითზე ვიცით, რომ ადამიანური ფაქტორი ხშირად თამაშობს ძირითად როლს უსაფრთხოების დარღვევის საკითხებში. მუდმივმა ემიგრაციამ და სპეციალისტების დაბერებამ უკვე გამოიწვია კადრების ხარისხსის შემცირება. ეს ფაქტი  IAEA ექსპერტების მღელვარების მთავარი საგანი გახდა 2019 წლის შემოწმების დროს. ადამიანური ფაქტორის როლის გაზრდა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში სრულიად შესაძლებელია, რეაქტორის დაზიანების რისკების დათვლის დროს კი ადამიანური ფაქტორი გათვალისწინებული არ არის. 

[yellow_box]დასკვნები და პერსპექტივები[/yellow_box]

ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა პასუხისმგებლობა აიღო სადგურის კონსერვაციაზე და დახურვაზე, თუმცა არანაირი კონკრეტული შეთანხმება ვადებთან დაკავშირებით არ არსებობს. 

ამასთან, ამჟამად მეწამორის ატომური სადგური ხასიათდება საკმაოდ მაღალი უსაფრთხოების დონით, თუკი ადამიანურ ფაქტორს არ გავითვალისწინებთ, რომელიც უახლოეს წლებში სომხეთის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა აღმოჩნდეს.

ატომური ელექტროსადგური გენერირებს/ამუშავებს იაფ ენერგიას, მნიშვნელოვან გარანტიებს აძლევს სომხეთს გაუთვალისწინებელ შემთხვევებში და იმ სატრანსპორტო ბლოკადის შედეგებს არბილებს, რომლის პირობებშიც ქვეყანა უკვე 30 წელია ცხოვრობს. 

ბოლო წლებში ქვეყანა ელექტროენერგიის დაახლოებით მესამედს და სომხეთის მთელი ენერგიის 21%-ს მხოლოდ ერთი ატომური ელექტროსადგურიდან იღებს, რაც მას ატომურ ენერგეტიკაზე დამოკიდებულს ხდის.

სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, ისევე როგორ წინა ხელისუფლებები, გეგმავს გააგრძელოს ატომური ენერგიის გამოყენება საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამისთვის იგეგმება ახალი რეაქტორის მშენებლობა ან არსებული რეაქტორის გამოყენების ვადის გახანგრძლივება. თუმცა ახალი რეაქტორის მშენებლობისთვის ფინანსები ასეც ვერ იყო მოძიებული და სათუოა, რომ უახლოეს წლებში სომხეთი ამ ფულს მოიძიებს.

ამიტომაც, ეს საკითხი კიდევ გადაიდება 2020 წლების შუამდე მაინც. როდესაც დასრულდება არსებული რეაქტორის ექსპლუატაციის ვადა. მისი გახანგრძლივება ან დაკონსერვება  კიდევ 10-12 წლით იქნება შესაძლებელი. 

უცხოელი პარტნიორები, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ავარიის გამოცდილების გათვალისწინებით, მის დახურვაზე კვლავაც მყარად იდგებიან, მაგრამ როგორი იქნება საგარეო კონიუნქტურა იმ დროისთვის, დარწმუნებით ვერავინ იტყვის. სწორედ ამაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა სომხეთი ატომური ენერგეტიკას უახლოეს ათწლეულში. 

ამავე დროს, ქვეყნაში ვითარდება “მწვანე” ენერგეტიკა, რომლის წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა ახალი ატომური ელექტროსადგურის საკითხი საერთოდ ამოიღონ დღის წესრიგიდან, თუმცა, რამდენად სწრაფად ჩაანაცვლებს ის ატომურ ენერგიას – დღეს ამის განსაზღვრა რთულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი