პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის თავმდჯომარის, ნიკა მელიას მოსანახულებლად დღეს განცხადებას დაწერს.
მისი თქმით, მელიას გამოსვლა ევროკავშირის გირაოთი შესაძლებელს გახდის, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტი დაჩქარებულად არ მიიღონ.
“ამნისტია ყოველთვის არის წინააღმდეგობრივი აქტი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მიერ მისი გირაოს დაფარვის შეთავაზებას, ეს იქნება სწორი. ევროკავშირის მიერ ამ გირაოს დაფარვა ნიშნავს, რომ აღიარებს ევროკავშირი ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრობას, მათ შორის, იმ დოკუმენტში, რომელიც არის ხელმოწერილი.
თუ ის გირაოთი გამოვა, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ იქნება სწრაფად მისაღები აუცილებლობა, მათ შორის, ნიკას გასათავისუფლებლად. ამიტომ ვაპირებ ნიკასთან საპატიმროში მისვლას და მასთან საუბარს. ახლა მივდივარ კანცელარიაში, სადაც ვაბარებ ჩემს განცხადებას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, რომ მომცენ უფლება ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების და იმედია, დღესვე შევძლებ მის მონახულებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, გამოვა თუ არა მელია გირაოთი, ამნისტიის კანონპროექტს მხარს დაუჭერს, თუ მისი შინაარსი მისთვის მისაღები იქნება.
“გააჩნია, ამ ამნისტიის შინაარსი რა იქნება, თუ ეს შინაარსი იქნება ჩემთვის მისაღები, როგორც შეთანხმების ხელმომწერი, არ ვაპირებ უკან წავიღო ჩემი სიტყვა. მაგრამ თუ “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული რედაქცია არ ასახავს იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მოლაპარაკების დროს, მაშინ, ცხადია, მე უფლებას ვიტოვებ, რომ არ დავუჭირო ამ შეცვლილ კანონპროექტს”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.