ახალი ამბები

“ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია ნაბიჯების გადადგმა, რომ გაჩნდეს ნდობა საზოგადოებიდან” — სამნიძე

27 აპრილი, 2021 • 701
“ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია ნაბიჯების გადადგმა, რომ გაჩნდეს ნდობა საზოგადოებიდან” — სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის პარლამენტში შესვლით ქვეყანაში კრიზისის განმუხტვისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ძირითადი გზა კიდევ წინაა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოების ნდობა დაიბრუნოს, ამისთვის კი შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულებაა საჭირო. ამის შესახებ სამნიძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო, ჩვენ ვიხილოთ ჩვენი ყველა ოპოზიცონერი კოლეგა, რომელიც შემოუერთდება ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია პირველი ნაბიჯების გადადგმა, რომ გაჩნდეს ნდობა საზოგადოების მხრიდან თითოეული ჩვენგანის მიმართ”, — განაცხადა სამნიძემ.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი პირველი, რაც ნდობის აღსადგენად უნდა გაკეთდეს, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ამასთან, სამნიძის თქმით, ყველაზე მთავარი პირველი ნაბიჯი ამნისტიის კანონია:

“უამრავი შეკითხვაა [ამნისტიის კანონზე]. შეხვედრების პროცესში, ყველა შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევძელით და პასუხი გავეცით შეკითხვებს. ყველაზე მთავარი კითხვაა, ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს. ჩვენ, ორივე მხარემ, მკაფიოდ ვთქვით გუშინ, რომ არა, ეს ამ ადამიანებს არ შეეხება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, სამუშაო შეხვედრების შემდეგ, უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და შევძლოთ, ამ პირველი ნაბიჯებით ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან, რომ შესაძლებელია კომპრომისით და თანამშრომლობით ამ დოკუმენტის განხორციელება”, — განაცხადა სამნიძემ.

დღეს, 27 აპრილს, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შედეგად მიიღო. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმებაში ჩამოთვლილი პუნქტები პარლამენტში შესასვლელად საკმარისი არ არის და ბოიკოტს კვლავ აგრძელებს.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი