ახალი ამბები

პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება – ბაქრაძე

27 აპრილი, 2021 • 599
პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელმაც ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების დოკუმენტს, აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილებას ვერ მიიღებს. ბაქრაძის განმარტებითვე, პარლამენტში მივა მხოლოდ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ.

“პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები მის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, როგორც კრიზისის განმუხტვის და საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნების მექანიზმს, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია – საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ”,-აცხადებს დავით ბაქრაძე.

ბაქრაძე მხარდაჭერას უცხადებს იმ ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში მივიდნენ და პლენარულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. მისი თქმით, ის რჩება შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული და მზად არის ჩაერთოს ამ შეთანხმებაში არსებული პირობების შესრულების პროცესში.

დღეს, 27 აპრილს, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შედეგად მიიღო. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმებაში ჩამოთვლილი პუნქტები პარლამენტში შესასვლელად საკმარისი არ არის და ბოიკოტს კვლავ აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი