ახალი ამბები

გვაქვს რეკომენდაცია, კოვიდზე აცრილებს ჰქონდეთ “პრივილეგიები” — გამყრელიძე

26 აპრილი, 2021 •
გვაქვს რეკომენდაცია, კოვიდზე აცრილებს ჰქონდეთ “პრივილეგიები” — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ, თუ რა უპირატესობით შეიძლება ისარგებლონ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილმა ადამიანებმა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აღნიშნული პრივილეგიები შეიძლება მას შემდეგ დაინერგოს, რაც ვაქცინაცია ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, რომ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ, სხვადასხვა სტიმული საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. რამდენიმე ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი არის წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოში და იქნება განხილული. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება ე.წ. კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ “პრივილეგია”, უპირატესობა რაღაც მიმართულებით.

უკვე ბევრგან [მსოფლიოში] არის ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, სადაც ყველა თანამშრომელი აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს სერიოზული პრივილეგიაა იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების”, — თქვა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს, 26 აპრილს განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს “კოვიდ პასპორტის” შექმნაზე, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ.

გაბუნია: მიმდინარეობს მუშაობა პარამეტრებზე, რაც აისახება “კოვიდპასპორტში”

მასალების გადაბეჭდვის წესი