“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ის ეთანხმება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგია 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონის მიღების.
“მელიას მოტივაცია ამ შემთხვევაში ჩემთვის გასაგებია, რომ ამ ფონზე ამნისტიის ისე გაფორმება არ მოხდეს, თითქოს ეს მისთვის გაკეთდა, რადგან ამ დღეებში იყო მასზე პასუხისმგებლობის გადატანის პირდაპირი და ირიბი მცდელობები, რაც არასწორია. ჩვენ არ ვთვლით, რომ ამნისტია საჭიროა ამ კონტექსტში. მათ [შეთანხმების ხელმომწერმა ოპოზიციამ] თვითონ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მელიასკენ არ უნდა იშვერდნენ ხელს”, — განუცხადა გიგა ბოკერიამ ტვ “პირველს”.
ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, გადაიხადოს გირაო, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება, ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.
მელია სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, არ მიიღონ მონაწილეობა “ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია”.
მელიას თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს და მოქალაქეებზე იძალადეს.
გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია