“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულია გირაო (ნიკა მელიას შემთხვევაში) და ამნისტია.
“გირაოს მიუხედავად, ამნისტიის მოთხოვნა იყო დასავლეთის პოზიცია და არა ის, რომ თუ გირაოს გადაიხდის, მაშინ ამნისტია აღარ გვჭირდება. გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ ისევ არ დავბრუნდებით იგივე მოჯადოებულ წრეში და იგივე პოლიტპატიმარ მელიას გამო ისევ არ მოუწევთ აშშ-ს და ევროკავშირს მედიაცია. ასე გვითხრეს — ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთან უკან დაბრუნება აღარ გვინდა, ამიტომ უნდა დაიხუროს ეს საკითხი”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში და დასძინა, რომ გირაოს გადახდა ამნისტიის საკითხს ვერ მოხსნის.
ვაშაძის თქმით, გირაოთი მელია, უბრალოდ, უფრო სწრაფად გათავისუფლება.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ თუ შეთანხმების ერთი ნაწილი — და ასეთია ამნისტია — დაირღვა, “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება მთელი შეთანხმება დარღვეულად გამოაცხადოს.
“თუ რამე შანსია ამ ცვლილებების, კი ბატონო, დავილაპარაკოთ, მაგრამ დღეის მდგომარეობით ჩვენ მივდივართ იმ განრიგით, რაც მივდივართ. ამნისტია არ არის მელიას პასუხისხმგებლობა — ამნისტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვინც ხელი მოვაწერეთ, და ნებისმიერი მცდელობა მისკენ პასუხისმგებლობის გადატანის ამორალურია”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, თუ შეთანხმების მონაწილეები და მედიატორები დათანხმდებიან მელიას წინადადებას, ის წინააღმდეგი არ არის, თუმცა დღეს ასეთი პერსპექტივა არ ჩანს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია