“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, ოპოზიციას ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკუთარი სამუშაო ვერსია აქვს, რომელსაც მმართველ გუნდს გააცნობს.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაო ვერსია, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: მწამებლებზე და მოძალადე ადამიანებზე ამნისტია არ უნდა გავრცელდეს; თანანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს; აუცილებელი უნდა იყოს [დაზარალებულის] თანხმობა, თუ ამას მივაღწევთ “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენ არ ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში. არ გვინდა, შესვლისთანავე კონფრონტაცია გვქონდეს, ამიტომ ახლა იქნება კომუნიკაცია “ქართულ ოცნებასთან” და შევეცდებით, შევაჯეროთ ვერსია”, — განაცხადა მანჯგალაძემ “ლელოს” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, თუ “ქართული ოცნების” და ოპოზიციის სამუშაო პროექტებს შორის ფუნდამენტური სხვაობა იქნება, ოპოზიცია იფიქრებს საკუთარი ინიციატივის დაყენებაზე.
“არ ვიცით, რა არის “ოცნების საბოლოო ვერსია. კანონპროექტების გაცვლა უნდა მოხდეს და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას, საერთო პროექტი გვექნება, თუ ცალ-ცალკე ინიციატივების გზით წავალთ”, — დასძინა მანჯგალაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.
ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.
ამ თემაზე:
“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია
დაზარალებულთა თანხმობის დათქმა ამნისტიის კანონპროექტში — ოპოზიციის ინიციატივა